მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 1.3 მლნ-ზე მეტი ნაკვეთი დარეგისტრირდა
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 1 300 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში წერია.
როგორც უწყებაში ამბობენ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღემდე ახორციელებს მესაკუთრის უფლების დაცვაზე ორიენტირებულ მიწის რეგისტრაციის რეფორმას. რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო პროცედურები, მოქალაქეებს მოეხსნათ სამართლებრივი, ფინანსური და სხვა ბარიერები.
შემუშავდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანაბრად განაწილების სისტემა, რის შედეგადაც შემცირდა რეგისტრატორთა დატვირთვა. გარდა ამისა, დაინერგა სარეგისტრაციო განაცხადზე ხარისხის შემოწმების მექანიზმი.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში აიზომა და დარეგისტრირდა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დარეგისტრირდა 6729 მიწის ნაკვეთი (2565 ჰა).
2021 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად რეგისტრირდება როგორც მოქალაქეების კერძო საკუთრებაში, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრაცია დასრულებულია საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტების 10 ადმინისტრაციულ ერთეულში, 7728 მიწის ნაკვეთზე.
შეგახსენებთ, 16 აპრილს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაჩქარდება. სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ღირებულება 120 მლნ ლარია.