მეთხილე ფერმერები წელს 50 ათას ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ელოდებიან
მიმდინარე წელს ველოდებით, რომ თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 10-დან 15%-ამდე გაიზრდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავამ განუცხადა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წელს სექტორი 50 ათას ტონაზე მეტ თხილის მოსავალს მიიღებს.
„თუ ამ რაოდენობის თხილიდან, ნახევარზე მეტი მაღალი ხარისხის იქნება, ქართული თხილი ექსპორტზე უკეთესად გავა და ფერმერებისთვის მეტად შემოსავლიანი წელი იქნება. დადებითი მოლოდინის საფუძველს ის ფაქტი გვაძლევს, რომ წელს ფერმერები თხილის ბაღების მოვლის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ. მაგალითისთვის, თხილის შესაწამლად ათასობით ფერმერს, 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცა, რამაც ფერმერების შრომის სტიმულირება მოახდინა“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.
მისი ინფორმაცით, გასულ წელს, ხშირი ნალექის გამო, ფაროსანას წინააღმდეგ სათანადო წამლობების ჩატარება ვერ მოხერხდა. შედეგად, 2021 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში 55 ათასი ტონა თხილი მოვიდა, მოსავლიანობა 2022 წელს 40 ათას ტონამდე შემცირდა.
„ამასთან, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზებით 102 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლები იყო. თხილის ხარისხიდან გამომდინარე, გასულ წელს მისი ფასი 11-ლარიდან დაიწყო და შემდეგ, 15 ლარამდე ავიდა“, - განაცხადა ჭითანავამ.
რაც შეეხება წელს თხილის გასაყიდ ფასებს, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს ამ თემასთან დაკავშირებით, პროგნოზის გაკეთება უჭირს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის განსაზღვრა ივლისის თვეში მოხდება.
ცნობისთვის, საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, თითქმის 31 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 27 მილიონ დოლარს აღემატებოდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული თხილი წელს შემდეგ ქვეყნებში გაიყიდა - გერმანია, იტალია, თურქეთი, ესპანეთი, საფრანგეთი…
თხილის მოსავლის აღება ივლისის ბოლოს - აგვისტოს თვის დასაწყისიდან იწყება და სექტემბერში სრულდება.