სოფლის მეურნეობა
09/07/2020

მერქნული რესურსის შეძენა ფიქსირებულ ფასად იქნება შესაძლებელი

ეროვნული სატყეო დეპარტამენტი გამოყოფს სპეციალურ ადგილებს, სადაც მოსახლეობას და ბიზნესს მერქნული რესურსის პირდაპირი გზით ფიქსირებული ფასით შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

„მოსახლეობას საშეშე მერქნის პირდაპირი შესყიდვის შესაძლებლობა ექნება. ჩვენ დავიწყეთ საქმიანი ეზოების ჩამოყალიბება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი სატყეო მეურნეობის აღდგენისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილები, რომელიც მოსახლეობას და ბიზნესს მისცემს საშუალებას, მერქნული რესურსი კონკრეტული ფიქსირებული ფასით შეიძინონ პირდაპირი წესით, ეს ეხება როგორც მაღალი ხარისხის, პირველი ხარისხის მერქნულ რესურს, ისე საშეშე მასალას, რომლის შეძენაც აქამდე მხოლოდ აუქციონის გზით იყო შესაძლებელი.

ტყის ღონისძიებებში ჩართული ოპერატორები შეძლებენ ტყეში არსებული ბიომასის გამოყენებას ბრიკეტების და ალტერნატიული ბიოსაწვავის წარმოებისთვის, რაც ნარჩენების მართვის სისტემას გააუმჯობესებს,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.