სოფლის მეურნეობა
26/02/2021

ლევან სილაგავა: ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმებულია

„ეს გამოცოცხლება, რაც დღეს ხორბლის შესყიდვისას ყაზახეთის მიმართულებაზე ხდება, ახლო მომავალში გაგრძელდება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ პრეზიდენტმა განუცხადა.

ლევან სილაგავას განმარტებით, მიზეზი რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო ტარიფების მნიშვნელოვანი ზრდა და ექსპორტზე კვოტების დაწესებაა.

„ხორბლის შესყიდვისას ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ იქიდან გამომდინარე თუ სად არის უფრო დაბალი ფასები. რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ახლოა ტერიტორიულად და ლოგისტიკური ხარჯებიც არის საკმაოდ იაფი. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობში რუსეთიდან ხორბლის იმპორტის ტენდენცია გვქონდა. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ რუსეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ხორბლის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმი შემოღო, ასევე საექსპორტო ბაჟი გაზარდა, ჩვენთვის გაძვირდა რუსული ხორბლის იმპორტი. ამ ყველაფერმა გამოაცოცხლა ყაზახეთის მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირება ჯდება ასი დოლარი, რუსეთიდან კი 25-30 დოლარი. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია ყაზახთთან ხორბლის იმპორტთთან დაკავშირებით. არის კიდევ სხვა შემოთავაზებები და კონტრაქტებზე მუშაობა მიდის,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 15 თებერვლიდან დააწესა. შედეგად, ერთი ტონა ხორბლის ექსპორტი 25 ევროთი იბეგრება. 1-ლი მარტიდან კი საბაჟო გადასახადი 50 ევრომდე იზრდება.

Businesspartner