სოფლის მეურნეობა
28/07/2020

ლატვიაში ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 800 000 ბოთლია ექსპორტირებული. წლიური ზრდა 24%-ია.

საქართველოდან ლატვიაში გაგზავნილი ქართული ღვინის ნაწილი რიგაში, 29-31 ივლისს დაგეგმილ დეგუსტაციებზე იქნება წარდგენილი. დეგუსტაციებს ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღვინის დარჩენილი ნაწილი ლატვიაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

„მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა. 
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამა“ შემუშავდა. ინიციატივის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.“ - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტო კონტრაქტორი კომპანიის TRIBE INTERNATIONAL მეშვეობით ახორციელებს. მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, სარეკლამო კამპანია, ძირითადად, ონლაინ და ციფრული ტექნოლოგიების ფორმატში ტარდება.