ლანჩხუთში თხილის შემნახველი საწარმო გაიხსნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში თხილის შემნახველი საწარმო ამოქმედდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის შემნახველი საწარმო კომპანია „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალმა“ გახსნა, საწარმოში კი 1 000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი.
კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, USAID-ის გრანტთან ერთად, 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.
„ საწარმო ფერმერებისგან მიიღებს თხილს, რომელიც ლაბორატორიაში შემოწმდება; ამავე დროს, საწარმოში მოხდება თხილის კონდიციამდე გაშრობა, რაც მისი ხანგრძლივი პერიოდით შენახვას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფერმერებს მიეცემათ საშუალება, შენახული თხილი მათთვის ხელსაყრელ დროს გაყიდონ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
USAID-ის მისიის ხელმძღვანელის, ჯონ პენელის თქმით, თხილის მწარმოებლები მრავალი გამოწვევების წინაშე დგანან. "ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ხელს ვუწყობთ მათ, გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქციის ხარისხი და კონკურენტუნარიანები გახდნენ. ამას ვახერხებთ ჩვენი პროგრამის ფარგლებში, რომლის ღირებულება 7,4 მლნ აშშ დოლარია და 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ქართველი და ამერიკელი ხალხის პარტნიორობის, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმატებულად ხორციელდება“, - განაცხადა ჯონ პენელმა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. გურიის რეგიონში, ამავე პროექტის ფარგლებში, 13 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობა 5 მლნ ლარს აღემატება.