სოფლის მეურნეობა
13/07/2020

KTW წელს 25 000 ტონა ყურძენს ჩაიბარებს

კახური ტრადიციული მეღვინეობა წელს სიმძლავრეების სრულად დატვირთვას გეგმავს და 25 000 ტონა ყურძენს ჩაიბარებს. მიზეზი მათ ღვინოზე თითქმის 25%-ით გაზრდილი მოთხოვნაა. 

KTW ჯგუფის დამფუძნებლის განმარტებით, პანდემიის ფონზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის კლების მიუხედავად მათი კომპანიისადმი დაინტერესება მაინც მზარდი იყო, შესაბამისად ზურა ჩხაიძე წარმოების ტემპის დაგდების საჭიროებას ვერ ხედავს.

„თავიდანვე მივიღეთ ყველა ის ზომა რაც კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის იყო საჭირო. შესაბამისად საქმიანობის შეწყვეტა არ მოგვიწია. დროულად დანერგილმა უსაფრთხოების სტანდარტებმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა საექსპორტო მაჩვენებლები. მართალია ღვინის გაყიდვების ზოგადი ფონი საქართველოში კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ჩვენ კომპანიას პანდემიის მიუხედავად პროდუქციაზე მოთხოვნა 23-24%-ით გაეზარდა“-აცხადებს ზურა ჩხაიძე.

KTW ჯგუფის დამფუძნებელი რთველი 2020-ის სუბსიდირებასაც მიესალმება. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, რქაწითელის ღირებულება მთავრობის ჩარევის გარეშე წელს ძალიან მცირე იქნებოდა. მისივე თქმით, კახური ტრადიციული მეღვინეობა რთველის სუბსიდირების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რთველის დასუბსიდირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პრემიერის განმარტებით, წელს რქაწითელსა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სუბსიდირების შესახებ დავალება უკვე მიღებული აქვს. საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესყიდვაში სახელმწიფოც ჩაერევა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 94 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. გასული წელი მეღვინეობისთვის რეკორდული იყო.