სოფლის მეურნეობა
26/02/2021

ქართული თხილის აუთვისებელი პოტენციალი

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის ზრდას გეგმავს.

გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ თხილის კულტურას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ ათვისებული არ არის.

„სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გვსურს ხარისხის, რაოდენობისა და შემოსავლების გაორმაგება, გასამმაგება. წელს, გასულ წელთან შედარებით, საზღვარგარეთ ქართული თხილის ავტორიტეტი უფრო წარმოჩნდა. პოტენციალი ძალიან დიდია. მაშინ, როდესაც ერთ ჰექტარზე ტონა, ან ტონანახევარი თხილი იწარმოება, პოტენციალია, რომ ეს ციფრი 2-3 ტონაზე ავიდეს. ეს, რა თქმა უნდა, შემოსავალსაც გაუზრდის ადგილობრივ მწარმოებელს, ფერმერს. ამას თუ თანხობრივად ვიანგარიშებთ, შესაძლოა ნახევარ ჰექტარზე 10 000 - 12 000 ლარის შემოსავალი მივიღოთ“,- ამბობს თოდუა.

თხილის კრეფის სეზონური სამუშაოების შესრულებაში დღიური ანაზღაურება შარშან 40-45 ლარი იყო. გიორგი თოდუა „ბიზნესპარტნიორთან“ ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე ამბობს, რომ ქართული ბაზარი ევროპულ ანაზღაურებას ვერ გაუტოლდება.

„ათასობით ადამიანია სეზონურად დასაქმებული. თავისთავად ცხადია, რომ ევროპულ შემოსავლებსა და ხელფასებს ვერ შევედრებით. თუმცა, თხილის მწარმოებლები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხალხი უკმაყოფილო არ დარჩეს. მოსავლის აღება დაახლოებით 2 თვე მიმდინარეობს. მაგალითად, შარშან დღიური ხელფასი 40-45 ლარი იყო. სხვადასხვა პირობებით. ცხადია, გვსურს, რომ შრომისუნარიანმა მოსახლეობამ მაქსიმალურად დიდი შემოსავალი მიიღოს, თუმცა დღესდღეობით იქიდან გამოვდივართ, რის შესაძლებლობასაც თავად ქვეყნის ეკონომიკა გვაძლევს. ვნახოთ, რა იქნება ხვალ და ზეგ. ყველა იმედიანად ვართ განწყობილი“,- განმარტა თოდუამ.