ქართული ნუშის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროპა და გალფის ქვეყნებია
ქართული ნუშის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროპა და გალფის ქვეყნებია. როგორც კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს წევრმა ნიკო ნიკოლაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის საინტერესოა თურქეთის ბაზარიც.
„ჩვენთვის ამ ეტაპზე თურქეთიც ძალიან საინტერესო ბაზარია, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის მწარმოებელი, არ ყოფნის საკუთარი წარმოება. შესაბამისად, თურქეთიც ნუშის იმპორტიორია, დაახლოებით 300 მლნ დოლარის ნუში შემოაქვს ამერიკიდან. ამასთან, მოთხოვნების ნაწილშიც, ხარისხთან მიმართებაში ნაკლებად მომთხოვნია თურქეთი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით . მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ მოხსნეს გარკვეული გადასახადი, რომელიც იყო ყოველ ერთ ტონა ნუშზე. - “აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ.
მისივე თქმით, ნუშის მოხმარების ნაწილში ქართული ბაზარი ძალიან პატარაა.
„ნუში ძალიან ცოტა გამოიყენება საქართველოში. გაცილებით დიდია ადგილობრივი კაკლის ბაზარი. საქართველოში ნუშის წარმოება განვითარების საწყის ეტაპზეა ყველა კუთხით. ჩემი აზრით, ცოდნის ნაკლებობა არის იმ სტადიის განმაპირობებელი, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. როგორც იცით, ქვეყანაში ნუშის ბაღების გაშენება 2015 წლიდან დაიწყო. შეიძლება ითქვას, ძალიან სწრაფად გავიარეთ განვითარების ეტაპები. - აღნიშნა კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს წევრმა.