ქართული ღვინის პოპულარიზაცია რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხდება
ქართულმა რაგბმა და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამეგობრობის მემორანდუმი გააფორმა.
როგორც რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ლევან ღვაბერიძე გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნული მეგობრობა მრავალი წელია არსებობდა, თუმცა ახლა ოფიციალური სახე მიეცა, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
„საზღვარგარეთ, საქართველოს როგორც ღვინის ქვეყანას იცნობენ. არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც საზღვარგარეთ ჩვენი წარმომავლობის გაგების შემდეგ, ქართული ღვინო შემოუთავაზებიათ.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ყოფილი ქართველი მორაგბეები საზღვარგარეთ ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან,"-აცხადებს ღვაბერიძე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტყემალაძის მტკიცებით, ქართული რაგბისა და ღვინის მეგობრობა დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონიან აუდიტორიაზე გასვლას გულისხმობს. აღნიშნული მეგობრობა საერთაშორისო ბაზრებს ღვინის სხვა მხრიდან დანახვაში დაეხმარებათ, რაც მათ დაინტერესებასა და დაგემოვნების სურვილს გააჩენს, ეს კი ქვეყანას გარკვეული ნიშის მოპოვებასა და ეკონომიკური წინსვლაში დაეხმარება.
„ჩვენი ურთიერთობა მსოფლიო ჩემპიონატიდან იწყება და ყველა თამაშის წინ, რომელიც ჩვენს ბორჯღალოსნებს ექნებათ, რამდენიმე დღით ადრე ღვინის პრეზენტაციას გავმართავთ,"-განაცხადა ტყემალაძემ.
ცნობისთვის, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდში, ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება საფრანგეთის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შეხვედრებია დაგეგმილი.
აღნიშნულ შეხვედრებზე ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართება.