ქართული ჩაი "შემოქმედი" აშშ-ს ბაზარზე გავა
ქართული ჩაი ამერიკის ბაზარზე გავა. კომპანია "მილმართი", რომელიც ჩაის „შემოქმედის“ ბრენდით აწარმოებს, საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს და გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, უახლოს ერთ თვეში პროდუქციას ამერიკაის შეერთებული შტატების ბაზარზე წარადგენს.
კომპანიის დირექტორის თქმით, ქართული ჩაით ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნებიც არის დაინტერესებული, ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საექსპორტო მიმართულებებთან ერთად "მილმართი" სხვადასხვა სახის ჩაის წარმოების დაწყებასაც გეგმავს. COVID-19-მა საწარმოს გაფართოების გეგმები 1 წლით გადადო, თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა ქართულ ჩაიზე მოთხოვნა გაზარდა.
გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ ქართული ჩაი ფეხს იკიდებს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და ჩაი საკმაოდ რენტაბელური პროდუქტია.
"ქართული ჩაი საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ჩაის მწარმოებელ ბევრ ქვეყანას შეექმნა პრობლემა და მოთხოვნა ქართულ ჩაიზე კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა საჭიროა უფრო მეტი ინფორმირებულობა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებზე", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.