სოფლის მეურნეობა
13/06/2021

კახელი ფერმერი: დღევანდელ პირობებში ხარისხიანი ყურძნის მოყვანა არ მიღირს

კახელი ფერმერი ილია პიტუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მოსალოდნელ ფასზე საუბრობს  და აცხადებს, რომ დღევანდელ პირობებში ხარისხიანი ყურძნის მოყვანა ფერმერს არ უღირს.

„თუ მე ხარისხიან ყურძენში 80 თეთრს გადამიხდის ვინმე, დღევანდელი ინფლაციიდან გამომდინარე, იძულებული ვხდები, რომ აქცენტი გავაკეთო არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. რქაწითელის ხარისხიანი ყურძენი ჩემს შემთხვევაში 8 ტონას არ აღემატება, ეს 80 თეთრის შემთხვევაში 6 400 ლარია. აქედან მე 3000 ლარი მაინც ხარჯი მაქვს. შესაბამისად, მე რომ ნაკლებ ხარისხიანი ყურძენი მოვიწიო 20 ტონა, ხარჯი მაინც იგივე მექნება და მეტი თანხა დამრჩება,“-აცხადებს პიტუაშვილი.

რა იქნება წელს ფერმერებისთვის მისაღები ფასი ყურძენზე, პიტუაშვილი აცხადებს, რომ 1 კილოგრამი საშუალო ხარისხის რქაწითელი 1,15 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს.

„გადავხედოთ რა ღირდა მაგალითად, 10 წლის წინ 1 ბოთლი ღვინო და რა ღირს ახლა, იგივე წარმოების ადგილწარმოშობის ღვინო. მე თუ 1 ბოთლ მუკუზანში ვიხდიდი 10 წლის წინ 18 ლარს, დღეს უნდა გადავიხადო 34 ლარი. ე. ი. ყურძნის ფასი 10 წლის წინანდელთან შედარებით შემცირდა, თუმცა გაიზარდა ღვინის ღირებულება. აქ ლოგიკა სად არის? ნედლეული რომლის ფასიც მცირდება, მისგან მომზადებული პროდუქტი, როგორ შეიძლება იყოს ძვირი.

7 წლის წინ ერთ-ერთ შესაწამლ პრეპარატს ვყიდულობდი, რომელიც 5 ლიტრიან შეფუთვაში ღირდა 300 ლარი, დღეს მისი ფასი 800 ლარია. ამ ყურძენს რომ გავყიდი, ზეთი, ფქვილი უნდა შევიძინო, ეს არის ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო, როგორ ვიარსებო?“-აცხადებს პიტუაშვილი.

კახელი ფერმერი შექმნილ სიტუაციაში შესაძლო გამოსავალზეც საუბრობს და განმარტავს, რომ პროცესში აუცილებელია სახელმწიფო ჩაერიოს და შუამავლის როლში გამოვიდეს ფერმერებსა და კომპანიებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.

ამასთან, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე.