სოფლის მეურნეობა
05/10/2023

გურჯაანის ღვინის ფესტივალი - კახეთის მთავარი მოვლენა 14 ოქტომბერს გაიმართება

გურჯაანში, მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართება, რომელიც წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით. IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალს 7 წლიანი ისტორია აქვს (დაარსდა 2017 წელს), რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება და მისი მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.

წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი,  ღვინის დღეების პერიოდში მიმდინარეობს და მისი ოფიციალური პარტნიორები არიან IWSC და „ჯეპრა“, ხოლო ტრადიციული მასპინძელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023-ის სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, თელიანი ველი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

 ფესტივალის მხარდამჭერები: m², საქპატენტი, GITA, USAID, LEPERT, Red Bull, ZINC NETWORK, ბაკურიანი და გურჯაანის ნაყინი.

 

 

Businesspartner