გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად მზადაა.
შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
სამაცივრე მეურნეობაში 1,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 45-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება. საგრანტო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 25 სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება, ჯამურად, 14 მლნ ლარზე მეტია.