სოფლის მეურნეობა
03/04/2023

გიორგი ჯიბლაძე: საქართველოში დაახლოებით ₾0.5 მლრდ-ის ღირებულების მექანიზაციაა შემოსული

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მექანიზაციაა შემოსული.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის ხელშეწყობისთვის ქვეყანაში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. შედეგად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია.

„მექანიზაციისთვის გვაქვს შეღავათიანი აგროკრედიტი, სადაც სესხით არის დაფინანსებული ტექნიკის შეძენა, ასევე  მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას ვახორციელებთ, ჯამურად რომ შევკრიბოთ, ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში სესხებისა და გრანტების შედეგად, ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მექანიზაცია ნამდვილად შემოსულია.

რომ შევადაროთ, გასულ წლებს  არანაირი მექანიზაცია არ არსებობდა სოფლებში, ახლა 3-4 არის თითოეულში. საბოლოო ჯამში,  მივალთ იქამდე რომ თვითკმარი  მექანიზაცია გვეყოლება ქვეყანაში, რათა სწორად წარვმართოთ ჩვენი აგროსაქმიანობა,“-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში ძალიან მაღალია სასოფლო-სამეურნეო დანშნულების მიწის ფრაგმენტაცია.  მსოფლიო პრაქტიკა კი აჩენებს, რომ კოოპერაცია არის სწორი გზა და გამოსავალი, იმ სირთულეების დასაძლევად რაც ამ მიმართულებით  გვაქვს ქვეყანაში.

„პატარა მიწის ნაკვეთები არ არის იმდენად რენტაბელური,  როგორც დიდი მასივები. ფერმერების გაერთიანებით პროდუქციის წარმოების თვითღირებულება შემცირდება, გლეხებს გაუიაფდებათ მოსავლის მოყვანა.  

სწორედ ამიტომ ჩვენ წელს შევცვალეთ მიდგომა და მექანიზაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ კოოპერატივებს მივეცით, დარწმუნებული ვარ, ესეც წაახალისებს ფერმერების კოოპერაციას,  კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის  ირიბი მიზანი სწორედ ესაა, რომ კოოპერაციას შეეწყოს ხელი.

ფერმერები  გაერთიანდნენ საკუთარი აგრო პროდუქტის წარმოებისას, მოიყვანონ ერთგვაროვანი პროდუქტი, რომლის რეალიზაციაც უფრო მარტივია და თვითღირებულებაც ნაკლებია, ვიდრე ინდივიდუალურად ნაწარმოების,“-განმარტა გიორგი ჯიბლაძემ.

 

 

Businesspartner