GeorgianBlue - ლურჯი მოცვის პირველი ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე
მსოფლიო ბაზარზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდი GeorgianBlue გამოჩნდება.
GeorgianBlue-ს ბრენდით პროდუქციას ბაზარზე კომპანია "ეფკო" გაიტანს. ბრენდის შექმნის მიზანი კი ქართული ლურჯი მოცვის, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებაა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია "ეფკოს" პროექტის მენეჯერი რატი მორჩილაძე ამბობს, არსებობს პოტენციალი, რომ განახლებული ხედვითა და ტექნოლოგიებით, ქართული მოცვი, როგორც ბრენდი მსოფლიომ გაიცნოს.
„საქართველოში წარმოებული მოცვი ექსპორტზე გადის დამატებითი ღირებულების გარეშე, ამაში იგულისხმება ის, რომ მოცვი იკრიფება პლანტაციაში და პირდაპირ გადის ექსპორტზე, ძირითადად რუსეთში. ჩვენ დავინახეთ პოტენციალი და 1.5 მლნ ლარის ინვესტიციით, შევქმენით სრულფასოვანი „პოსტ-ჰარვესტ“ ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ნედლეულის სწრაფ გაგრილებას, სორტირებას, დაფასოებას და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი წარმოების პროცესის დანერგვას.
ამ გზით გაიზრდება როგორც მოცვის ხარისხი, ასევე „პოსტ-ჰარვესტ“ ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ მსოფლიოს ყველაზე დიდ და მაღალი სტანდარტების შემსყიდველებთან საექსპორტო ბაზარზე, რომელშიც მხოლოდ რუსეთი არ მოიაზრება და შედის ევროკავშირის, გალფის და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. 1 კგ მოცვის ფასი მერყეობს $5–დან $9–მდე, გააჩნია შეფუთვას, კალიბრს, ხარისხს და ა.შ. GeorgianBlue-ს ექნება 125გრ, 250გრ, 500 გრამიანი და 3 კილოგრმიანი შეფუთვები,“ – აღნიშნავს რატი მორჩილაძე.
კომპანია მენეჯმენტის, ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც კარს უხსნის ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აღმოსავლეთ აზიის ბაზრებისკენ. 2020 წელს, USAid-ის დახმარებით კომპანიაში წარმატებით დაინერგა GlobalGAP და GRASP სტანდარტები, რაც ამტკიცებს, რომ აწარმოებს უვნებელ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს და ოპერირებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.
„ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები გვაქვს გერმანიის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელთან, დუბაისთან და რუსეთთან. მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, საშუალება გვაქვს პირდაპირ ვითანამშრომლოთ მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან და სუპერმარკეტების ქსელებთან სხვადასხვა ბაზარზე, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ფასნამატი სორტირებული, დაფასოებული და ბრენდირებული მაღალი ხარისხის პროდუქტისთვის, რაც ქვეყნისთვის დამატებითი ღირებულებას შექმნის. ვაპირებთ სხვა მწარმოებლებისგანაც შევისყიდოთ მოცვი და დავეხმაროთ მათ მოსავლის მაღალი ღირებულებით რეალიზებაში. წელს დაგეგმილია, რომ მთლიანი სარეალიზაციო მოცულობიდან 60% იყოს ჩვენი წარმოებული და 40% ჩავიბაროთ სხვა ქართული კომპანიებისგან,“ – ამბობს კომპანია „ეფკოს” პროექტის მენეჯერი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, გურიაში, დაბა ლაითურში, შპს „ეფკო“ სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით გაშენებულ 36 ჰექტარ მოცვის პლანტაციას მართავს. ამის გარდა, კომპანია ფლობს 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომლის სრული ათვისება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში იგეგმება. ამ მასშტაბით კომპანია იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული აგრო ექსპორტიორი მსოფლიო ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლის პოზიციონირებას და გურიის რეგიონში სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნას.
აღსანიშნავია, რომ "ეფკომ" ლურჯი მოცვის კომპანია „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12,34 მლნ ლარად საპარტნიორო ფონდის მიერ გამართულ აუქციონზე 2020 წელს შეიძინა.