სოფლის მეურნეობა
09/06/2022

Georgian Products Renaissance: ქართველი ფერმერების ნაწილისთვის თხილის არსებული ფასი მიუღებელია

თხილის აღების სეზონის მოახლოებასთან ერთად, ექსპორტიორი კომპანიების ნაწილს ხარისხიანი თხილის მიღების პრობლემა შეიძლება შეექმნას.

როგორც თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance (GPR)-ის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქართველი ფერმერების ნაწილს თხილის არსებული ფასი არ აკმაყოფილებს. 

გარდა ამისა, თხილის ბაღების ნაწილი შეუწამლავია, რაც ხარისხის თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას შექმნას.

„2021 წლის თხილის სეზონი ჯერ კიდევ არის ბაზარზე, მთლიანი მოსავლის 10-15% დარჩენილია  და ახლა მისი დამუშავება ხდება. რაც შეეხება ახალ სეზონს, ამ დროის მდგომარეობით, ხეზე ნაყოფი ნორმალურადაა, რაოდენეობაც ნორმალურია, თუმცა, გული როგორ განვითარდება ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

როგორი იქნება გარემო პირობები ამაზეა დამოკიდებული. იმედია არ იქნება უხვი ნალექი და სხვა გარემო ფაქტორები, რომელსაც შეუძლია ნაყოფი დააზიანოს.

გარდა ამისა, საკმაოდ გაძვირებულმა შხამ-ქიმიკატებმა ფერმერებს ხარჯი გაუზარდა,გაძვირდა შესაფუთი მასალები, ტრანსპორტირება, ამის პარარელურად, მათთვის მისაღები არ იყო თხილის ფასი (1 კილოგრამის თხილის გული 11.5 ლარი), რაც საერთაშორისო ბაზარიდან გამომდინარეობდა“-აცხადებს სალუქვაძე.

სალუქვაძე თხილის სექტორში არსებულ მეორე პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ფერმერები  2021 წლის მოსავალს იმის იმედით არ აბარებენ, რომ ახალი სეზონისთვის ფასი შედარებით მაღალი იქნება. როგორც Georgian Products Renaissance-ის დამფუძნებელი აღნიშნავს,ახალი და ძველი მოსავლის შერევა საბოლოოდ ხარისხს გააფუჭებს. 

მისი განცხადებით, თხილის ჩაბარება-გატანის ახალი ფასი ამ ეტაპზე უცნობია. მოსავლის აღება კი აგვისტოს პირველი კვირიდან დაიწყება.

კომპანიის დაფუძებელი აცხადებს, რომ ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოადგენენ აზია-აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნები. ქართული თხილი გადის ჩინეთშიც. კომპანია თხილის გულს დაახლოებით 35 ქვეყანაში ყიდის.

თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-ი 100%-ით საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს.

სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო Georgian Products Renaissance-ი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარია. 2014 წელს კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 391 166 დოლარის სესხი, ასევე გრანტის თანადაფინანსება 312 932 დოლარი მიიღო. დაფინანსების შედეგად, კომპანიამ ქარხნისთვის საჭირო ყველა ტექნიკა შეიძინა, მათ შორის სამტვრევი, შესაფუთი და მოსახალი დანადგარები, კომპანიის მეორე საწარმო, რომელსაც თხილის შესანახად იყენებს, კახეთში აქვს.

შეგახსენებთ, წელს საქართველოში თხილის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და  თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია.

„ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ  ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.