სოფლის მეურნეობა
10/03/2021

გელა ხანიშვილი: მეფუტკრეებისგან 100 მლნ-იან ზარალზე საუბარი გადაჭარბებულია

„მეფუტკრეების მხრიდან ას მილიონიან ზარალზე საუბარი ძალიან გადაჭარბებულია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განუცხადა.

გელა ხანიშვილის განმარტებით, მავნებელი „ვარვას“ შესახებ სამინისტრო ინფორმირებულია და ეს არ არის ახალი გამოწვევა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.

„ეს პრობლემა ახალი არ არის. ამ საკითხზე ფერმერებთან ერთად ვმუშაობთ და ისევე როგორც სხვა გამოწვევები ესეც, რა თქმა უნდა, დაიძლევა. ჩვენ თანდათანობით გადავდივართ შინა მეურნეობებიდან ბიზნეს სოფლის მეურნეობაზე, რაც არის სწორედ სათანადო ცოდნის საფუძველზე მოვლილი ესა თუ ის მიმართულება,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

მისივე განმარტებით, მავნებლის გავრცელება არ არის ისეთი მასშტაბის, რომ ბიუჯეტიდან მასთან საბრძოლველად თანხების გამოყოფის საჭიროება დამდგარიყო.

„ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე დაავადება. მართალია ვერაგი, მაგრამ ძალიან ნაცნობი მეფუტკრეობის სფეროში. საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია სამინისტრო, პრობლემა ვიცით და სათანადო რეკომენდაციებიც უკვე გაცემულია. მეტიც, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უკვე ძალიან ბევრ მეფუტკრის ოჯახში არიან ნამყოფი ანალიზების ჩასატარებლად და სათანადო რეკომენდაციების გასაცემად,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

ცნობისთვის, მეფუტკრეები მავნებლის მიერ მიყენებულ ზიანზე საუბრობენ. ასოციაციის ინფორმაციით, „ვარვამ“ სექტორი ასი მილიონი ლარით დააზარალა. ზაფხულიდან დღემდე კი ქვეყანაში 400 000 ფუტკრის ოჯახიდან 50%-ზე მეტი განადგურდა.

Businesspartner