სოფლის მეურნეობა
26/01/2023

EU და FAO ქართველ მეღვინეებს მავნებლების კონტროლის ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვაში ეხმარება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის „EU4Business“ ინიციატივის მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებლებს ინოვაციური, ორგანული მეთოდის გამოყენებაში ეხმარება, რაც მათ პესტიციდების გამოყენების საჭიროებას ამცირებს.

ამ მიზნით FAO-მ და EU-მ „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ განახორციელეს და ქვეყანაში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დანერგეს.

გასულ წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ ეს პრაქტიკა 200 ჰექტარის ფართობის ვენახში დანერგა. თორმეტივე მეღვინემ განაცხადა, რომ მათი მოსავალი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო დანახარჯები ქიმიკატებზე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარებს ასევე ბევრად გაუმარტივდებათ მავნებლების ინტეგრირებული მართვა.
ევროკავშირის მხარდაჭერით, „გამრავლების შემაფერხებელი პროგრამის“ ეფექტურობა ყოველწლიურად იზრდება. 2023 წელს, FAO უფრო აქტიურად განაგრძობს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას და პროგრამაში ჩართავს მეღვინეებს საქართველოს დასავლეთის რეგიონებიდანაც, რაც 2022 წელს პროექტის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა.

„გამრავლების შემაფერხებელი პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობისა და გაუმჯობესებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების წარმატებული პრეცენდენტი შეიქმნა. ამასთანავე, ვენახში ფერომონების გამოყენება პესტიციდების ნარჩენებით გაჯერებული ღვინის მოხმარების რისკებსაც ამცირებს. მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება შესაძლოა დადებითად აისახოს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი კონკურენტუნარიანობის კუთხით, რაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამგვარად, FAO და ევროკავშირი, ფერმერული თემების განვითარებას ეხმარებიან საქართველოში და მუშაობენ ოთხი ძირითადი მიმართულების გასაუმჯობესებლად: უკეთესი პროდუქცია, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება.

„გამრავლების შემაფერხებელი პროგრამა“ FAO-მ განახორციელა ევროკავშირის მხარდაჭერით, „EU4Business“ ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.