ენისელში თხილის საწარმო გაიხსნა
ყვარლის რაიონში, სოფელ ენისელში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გახსნა.
„აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯიამ“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია მიიღო, აქედან, 370 000 ლარი გრანტია, 300 000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. სერვისი მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალ ფასიანი პროდუქტი. საწარმოს საშრობის წარმადობა 1 000 ტონაა, ხოლო შენახვის - 500 ტონა.
„თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო ადგილობრივ ფერმერებს მოემსახურება და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 000 ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.
საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.