დმანისში ქართულ-ფრანგული ინვესტიციით მაღალტექნოლოგიური ფერმა აშენდა
დმანისის რაიონ სოფელ ზემო ყარაბულახში ფრანაგული მოდელის მაღალტექნოლოგიური ფერმა შეიქმნა.
სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ნოემბერში ჩამოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა - კლიმატური და მეტეოროლოგიური მახასიათებლებით ის ძალიან გავს ცენტრალურ მასივს და გარდა ამისა, საძოვრებიც მაღალი ხარისხის რამდენიმე სახეობის ბალახითაა დაფარული. ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებულმა ფრანგული მოდელის საპილოტე ფერმამ, გეგმის მიხედვით, ბაზარზე ხარისხიანი ხორცის დეფიციტის პრობლემა უნდა გადაჭრას:
"საფრანგეთის მთავრობამ 2016-17 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მესაქონლეობის მდგომარეობა და პერსპექტივები იკვლია და აღმოაჩინა, რომ სფერო მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, 23 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ აგროსექტორში ინვესტირება გადავწყვიტე. დმანისის ფერმაში ხბოები 6-8-თვემდე გაჩერდებიან, ანუ ვიდრე დედის რძით კვებას შეძლებენ, შემდეგ კი ისინი სართიჭალაში, ჩვენს მეორე ფერმაში გადაინაცვლებენ, სადაც 17-18 თვემდე დასრულებულ ზომას მიაღწევენ. ეს საპილოტე პროექტი დიდი გეგმის პირველი საწყისი ნაბიჯია. ვფიქრობთ, მთლიანი ინდუსტრიის განვითარებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ და იმპორტს მნიშნელოვნად ჩავანაცვლებთ", - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან" ფერმის თანადამფუძნებელი ჟაკ მარი ფლერი.
გაზაფხულზე უკვე არსებულს კიდევ 170-მდე მსხვილი რქოსანი უნდა დაემატოს, მალე დასრულდება ფერმის მეორე ნაგებობაც და ჯამში 10 მილიონამდე ინვესტიციის პროექტი სრული დატვირთვით ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ფერმას მთლიანი ციკლის დამოუკიდებლად წარმოების შესაძლებლობა ექნება დაწყებული ხბოების გამრავლებით პირუტყვის საკვების მომარაგებით დამთავრებული - საჭირო საკვებს ფერმა საკუთარი 200 ჰეტქარზე გაშლილი მეურნეობით უზრუნველყოფს.
"მე თვითონ ფერმერი ვარ, ჩემი წინაპრებიც, 5 თაობა ამ საქმით იყო დაკავებული. რა ცოდნაც გვაქვს ამ სფეროში, ვეცადეთ, საქართველოში ნაყოფიერად გამოგვეყენებინა. წინა წელს საშემოდგომო კულტურები დაითესა და პირუტყვის ჩამოყვანას ფერმა მომზადებული დახვდა. როგორც კი ცოტა დათბება სახნავ-სათესი სამუშაოებიც დაიწყება. საძოვრები ბუნებრივადაც უმაღლესი ხარისხისაა, თუმცა წლების განმავლობაში ისინი არავის გამოუყენებია, ამიტომ ტექნიკის დახმარებით 450 ჰექტარზე საბლახოს კიდევ უფრო ნაყოფიერს გავხდით,“ - აცხადებს ფერმის ტექნოლოგი ჟაკ პიერ დევილარი.
საძოვრები დიდი ძალისხმევის შედეგად ქვებისგან სრულიად გაიწმინდა, გახდა უსაფრთხოც და სტანდარტთან კიდევ უფრო მეტად შესაბამისიც. ფრანგი სპეციალისტები ქართველ პარტნიორებთან ერთად საქმეს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით უძღვებიან.
დაგეგმილია, რომ დმანისის ფერმა ადგილობრივად ხარისხიანი ხორცის პრობლემას ნაწილობრივ მაინც გადაჭრის. მოთხოვნა რეგიონში მეზობელი ქვეყნებიდანაც გამოიკვეთა, თუმცა ნავარაუდევია, რომ სალერსის ჯიშის ძროხის ხორცი ქართულ ბაზარზე გაიყიდება და საწყის ეტაპზე რესტორნებს, მსხვილ სუპერმარკეტებს და სასტუმროებს მოამარაგებს.