COVID-ის მიუხედავად, "თბილღვინომ“ ექსპორტი 18–19%-ით გაზარდა
პანდემიის მიუხედავად, კომპანია „თბილღვინომ“ ექსპორტი დაახლოებით 18–19%-ით გაზარდა.
კომპანიის დირექტორის თქმით, ჩინეთში ექსპორტის კლება დანარჩენენ ბაზრებზე ზრდით დაკომპენსირდა. ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად, კომპანიამ შეადგინა ანტიკრიზისული მარკეტინგული ბიუჯეტი, რომლის მეშვეობითაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გაყიდვების შესაძლო ვარდნა.
კომპანიაში შიდა ბაზარზე გაყიდვების დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.
„შიდა ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი კლება გვაქვს. საქართველოში აპრილიდან 60–70 % ვარდნაა. ამიტომ, გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ონლაინ მაღაზია და მომხმარებელისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, შეზღუდვების პერიოდში მაინც ესარგებლათ ჩვენი პროდუქტით, რამაც გაამართლა და მაისიდან წარმატებით ხორციელდება ონლაინ გაყიდვები. ეს გარკვეულწილად აკომპენსირებს შიდა ბაზარზე კლებას,“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ მარგველაშვილი.
კომპანია „თბილღვინო“ 270 ჰექტარზე გაშენებუილ ვენახებს ფლობს კახეთში, თუმცა რაჭაშიც ერთ–ერთ ადგილობრივ ქარხანაში სპეციალურად შერჩეულ ყურძენს ადგილზე გადაამუშავებს და ხვანჭკარას, ცოლიკაურს, ტვიშს აწარმოებს.
„ვფლობთ მიწებს რაჭაში, მაგრამ ვენახების გაშენება და წარმოების დაწყებას, სამომავლოდ ვგეგმავთ,“ – განმარტავს ზურაბ მარგველაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო 6 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 6%–ით შემცირდა და ღირებულებით გამოსახულებაში 91 მლნ დოლარი შეადგინა. პანდემიის პერიოდში ექსპორტი შემცირდა, ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, რამაც ბევრი კომპანია დააზარალა.