"ბოლო ათ წელიწადში ვენახების ფართობი გაორმაგდა"
ათი წლის წინ ვენახების ფართობები შეადგენდა 25 000 ჰექტარს და ათ წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა, ჩვენმა მევენახეებმა მიიღეს 2 მილიარდი კახეთში, წინა ხელისუფლების დროს შეიძლება, ჯამურად 200 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა და დღეს არის 2 500.
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით. ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. რამდენიმე დღის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში. დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი, თუ ჩვეულებრივი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აღნიშნულ სფეროში გასულ ათ წელთან შედარებით გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე.
„რამდენიმე კონკრეტული შედეგი მინდა შევახსენო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს კრიტიკოსებს მინდა შევახსენო, სად ვიყავით ათი წლის წინ, რა ხდებოდა ამ სექტორში, რა მდგომარეობა იყო. მაშინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა. დღეს არის 2 500. ვენახების ფართობები მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს დაახლოებით. ბოლო ათ წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა. ჯამურად ქვეყანაში 50 000 ჰექტარი ვენახის ფართობია გაშენებული.
შარშან 270 მილიონი ლარი მიიღო კახეთმა შემოსავლის სახით, მხოლოდ მევენახეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ სფეროში. შედარებისთვის, თუ ამას ავიღებთ, რა ხდებოდა 2012 წელს – მაშინ შემოსავალი მაქსიმუმ იყო 35-40 მილიონი ლარი. ჯამში, ათ წელიწადში, 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლები კახეთის მევენახეებმა და ფერმერებმა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ თუ ამას შევადარებთ, ჩვენმა მევენახეებმა მიიღეს 2 მილიარდი კახეთში და მანამდე, წინა ხელისუფლების დროს შეიძლება, ჯამურად 200 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილიყო ათ წელიწადში მათი მმართველობის დროს შემოსავალი. რა თქმა უნდა, ჩანს, რომ 10-ჯერ მეტი სხვაობა არის ჩვენ დროს და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენ მიერ სწორად დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკა, დახმარებები, სუბსიდია. უამრავი პროგრამა, რომელიც მუშაობს დღემდე.
მინდა, შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, აუცილებელია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან, თუ არ ვცდები გვქონდა 50%-იანი თანადაფინანსება და ეს გავზარდეთ 70%-მდე. 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი.
ასევე, ერთ მონაცემს მოგახსენებთ. შარშან რეკორდული რაოდენობის, 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავლები შემოდის ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მეტი განვითარების, მეტი გამდიდრების და ა.შ. ასევე შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, ათი წლის წინ დაახლოებით 20-30 მილიონი ლიტრი იყიდებოდა. ეს არის რეალობა. ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი მევენახეებისთვის, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს, ასე რომ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.