სოფლის მეურნეობა
14/03/2021

ბიომეღვინეობის ფასი - რა პოტენციალი აქვს საქართველოში ორგანული წარმოების განვითარებას

იაგო ბიტარიშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში ბიოვენახს უვლის, მას ჩინურის ჯიშის ყურძენი 2 ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საქმიანობა იაგო ბიტარიშვილმა 20 წლის წინ დაიწყო და საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ბიომეღვინეა.

ქვევრის ღვინო, რომელსაც „იაგოს ღვინოს“ სახელით იცნობენ, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. წელიწადში დაახლოებით 5-6 000 ბოთლ ღვინოს ასხამს და სრულად ექსპორტზე გააქვს.

მისი, როგორც ბიომეღვინის გზა უკავშირდება ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, სადაც იაგო მრჩევლად მუშაობდა კახეთის რეგიონში და ბიომევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საკმაოდ დიდი ცოდნა დააგროვა.

როგორც ფერმერი ამბობს, ბიომევენახეობა-მეღვინეობა 90-იან წლებში სიახლე იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის და ამან გადააწყვეტინა ადგილობრივი ბაზრისთვის პირველი ბიოპროდუქტი შეეთავაზებინა. თავდაპირველად, ექსპორტზე არ ფიქრობდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ექსპორტზე მუშაობა უფრო საინტერესო გამოდგა.

იაგო ბიტარიშვილი უკვე წლებია თანამშრომლობს ევროპის ცნობილ იმპორტიორ კომპანიებთან, მათ შორის, იტალიურმა კომპანიამ, რომელთანაც უკვე 15 წლიანი თანამშრომლობა აქვს, დიდი რესურსი დახარჯა, რომ ქართული ღვინო („იაგოს ღვინო“) ადგილობრივი ბაზრისთვის გაეცნო. მეღვინესთვის ბიოღვინოს წარმოებაზე გადასვლა ცნობიერების შეცვლას ნიშნავს.

„სადაც კი შემეძლება ამის თქმა, ყველგან ვამბობ, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა ბევრად მდგრადია სამომავლოდ, ვიდრე კონდიციონალური (ტრადიციული) მეურნეობა,  ჩვენ ამ ფილოსოფიას მივყვებით, გვირჩევნია ცოტა გვქონდეს და ხარისხიანი. ამ ტენდენციამ გაიდგა ფესვები, ბიომიმართულებების ფართობები უფრო იზრდება მსოფლიოში, ვიდრე მასიური წარმოების,“ - ამბობს იაგო ბიტარიშვილი და ცდილობს მეღვინეებს დამოკიდებულება შეაცვლევინოს.

„კავკასსერტის“ მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 2019 წელს 4 068 ლიტრი ბიოღვინო გავიდა, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ექსპორტი 5 625 ლიტრამდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში 20-მდე სერტიფიცირებული ბიომეღვინეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიოღვინის მაჩვენებელი გაზრდილია, სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ბიოღვინოს წარმოების პროცენტული წილი მაინც ძალიან დაბალია. საქსტატის ინფორმაციით, ქართული ღვინო მსოფლიოს 54 ქვეყანაში გადის, ქართული ბიოღვინოს ექსპორტის არეალი კი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის კულტურის ქვეყანაა და „ქვევრის“ ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია აქვს, ბიომეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია,  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (2021-2027) თავდაპირველი დოკუმენტი, რომელიც 2019 წლის 30 აგვისტოს მიიღეს, მასში არაფერი იყო ნახსენები ბიოწარმოების შესახებ. ვინაიდან სახელმწიფომ ბიომიმართულება სტრატეგიაში არც კი გაითვალისწინა, სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“, რომელიც 1994 წლიდან მუშაობს ბიო აგროწარმოების განვითარების საკითხებზე,  პეტიცია გამოაქვეყნა.

„მიუხედავად ბიოწარმოებაში ჩართული ადამიანების მოლოდინისა და სტრატეგიის დოკუმენტის გამოქვეყნებამდე გაკეთებული განცხადებებისა ბიოწარმოების ხელშეწყობის თაობაზე, სტრატეგიის თავდაპირველ დოკუმენტში არაფერი იყო ნათქვამი ბიოწარმოებაზე. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენ მიერ გაკეთებული პეტიცია, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში გამოვაქვეყნეთ და 1 კვირის თავზე ხელმომწერთა რაოდენობამ 1200 შეადგინა“,  - იხსნებს „ელკანას“ აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ჯორჯაძე.

პეტიციის გამოქვეყნების შემდეგ, სტრატეგიაში მხოლოდ სიტყვიერად დაემატა (იქ, სადაც არის კლიმატ-გონივრულ საკითხებზე საუბარი) ბიოწარმოების განვითარების საკითხი და ამ მიმართულების განვითარების მიზნით ბიუჯეტი არ არის გამოყოფილი. მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, საქართველოს ჯერ კიდევ გეზი აქვს აღებული ინდუსტრიული წარმოებისკენ, მეღვინეები ბევრნი არიან, მაგრამ ისინი მორგებულები არიან ინდუსტრიულზე, სადაც მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი.

„ქვეყანაში, რომელშიც გვაქვს ეს უწყვეტი, ცოცხალი ტრადიცია ღვინის წარმოების  8000 წლიანი, იქ ინდუსტრიულ წარმოებაზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი“, - აღნიშნავს „ელკანას“ დირექტორი.

„ელკანას“ ბიომევენახეობა-მეღვინეობის კონსულტანტის, გიორგი ბარისაშვილის განცხადებით, ჯანმრთელი და მაღალხარისხიანი ბიოღვინის წარმოების გარანტი ბიოყურძნის მოყვანაა. ასეთი ყურძენი და ვენახი გარემოს არ აბინძურებს, არ ხდება მავნე ნივთიერებების დაგროვება ნიადაგში და გამოდის, რომ ბიომევენახე პირველ რიგში გარემოს დამცველია, ბიოღვინო - გარემოს დაცვის შედეგი.

„კავკასსერტი“ 2005 წლიდან უძღვება ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირებისა და სერტიფიცირების საკითხებს. „კავკასსერტის“ სერტიფიცირების ასისტენტის, მარიამ ჯანაშიას ინფორმაციით, სანამ ბიომეღვინეს სერტიფიკატი მიენიჭება გარკვეული პროცედურების გავლა უწევს.

ბიოსერტიფიკატის მიღებამდე, ბიოვენახის შემთხვევაში სამი წელი გარდამავალი პერიოდია, მეოთხე წლის მოსავალზე ენიჭება ვენახს ბიოსტატუსი, ამ სამი წლის განმავლობაში ყოველწლიური ინსპექტირებები ტარდება, შესაძლოა, მეოთხე წელიც კი დასჭირდეს. თუკი ჩანაწერებით დადასტურდა, რომ ამ 3-4 წლის განმავლობაში ვენახი ნებადართული ბიოპესტიციდებით იყო დამუშავებული, იმ ქიმიკატებით, რომლებიც ბიოსტანდარტით შეიძლება (ყოველი მათგანი თავისი დოზებით ჩამოთვლილია ბიოსტანდარტის დოკუმენტში), მაშინ ბიომეღვინეს ენიჭება ერთწლიანი სერტიფიკატი. მარანზე გარდამავალი პერიოდი არ არის, თუ ინსპექტირებაზე ყველა ასპექტი დააკმაყოფილა მარანმა, იმავე წელს გასცემენ სერტიფიკატს. რაც შეეხება საწარმოს, საწარმოში ბიო და არაბიო ღვინის შერევა მკაცრად კონტროლდება, საწარმოები მუდმივ აღრიცხვაზე არიან, კეთდება ჩანაწერები, რომ შერევა არ მოხდეს, ათვალიერებენ ჰიგიენის კუთხით, რაიმე შეუსაბამობა არ იყოს. ამოწმებენ, ქვევრში, კასრსა თუ „ცისტერნაში“ არ აღმოჩნდეს ნარჩენი, მაგალითად, სადეზინფექციო ხსნარის, ამავდროულად კონტროლდება სასაწყობე სისტემის გამართულობა. 

საინტერესოა რა თანხებთანაა დაკავშირებული სერტიფიცირების ხარჯები.

„კავკასსერტის“ ინფორმაციით, პირველადი საბუთების განხილვა და პირველადი ხელშეკრულების დადება 400 ლარი ჯდება, რომელიც არის დაახლოებით ერთ საათიანი პროცედურა. ხელშეკრულების დადებიდან მალევე ტარდება ინსპექტირება, თუკი წლის ბოლო არ არის, რომელიც ასევე 400 ლარი ღირს, ინსპექტირების ტარიფი იზრდება საათობრივად და  დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის ფართობზე. 1 ჰექტრის შემთხვევაში 400 ლარი ღირს, მაგრამ ყოველ ჰექტარზე იზრდება ღირებულებაც - თანხა გამრავლდება იმდენ საათზე, რამდენიც საჭირო იქნება ინსპექტირებისთვის. ტარიფების განსაზღვრისთვის კილომეტრაჟს ითვლიან, თბილისიდან დანიშნულების ადგილამდე - 1 კმ 1.2 ლ ჯდება, მაგ., თუ მიწის ნაკვეთი 100 კმ-შია, ბიომევენახეს გადასახდელი ექნება 120 ლარი და ამას ემატება ინსპექტორის დღიური გადასახადი, რომელიც შეადგენს 85 ლარს. ექსპორტის ინსპექტირება ანალოგიურ ტარიფებთანაა დაკავშირებული, რომლის საფუძველზეც გამოიწერება იმპორტის სერტიფიკატი: 400 ლარი - ინსპექტორის დრო, ინსპექტორის დღიური ანაზღაურება - 85 ლარი და მგზავრობა 100 კმ-ზე 120 ლარი.

ადვილია შესამჩნევია, რომ ყოველი ეს ტარიფი ჯამში საკმაოდ დიდ თანხას აღწევს, რაც  გამოცდილი და მით უმეტეს, დამწყები ბიომეღვინისთვის მაღალხარჯიანია. 

ასეთი ტარიფების ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, ბიოსერტიფიცირების პროცესში ფინანსური დახმარება, ბიოპრეპარატების გარკვეული სუბსიდირება, სხვა შემთხვევაში, როგორც „ელკანას“ ბიომევენახეობა-მეღვინეობის კონსულტანტი აღნიშნავს, ამ მიმართულების განვითარების ტემპს ჩვენს ქვეყანაში დიდი შეფერხებები ექნება.

ლევან ანდრონიკაშვილი სერტიფიცირებული ბიომეღვინეა. ანდრონიკაშვილების ოჯახმა ვენახის მოვლა და ღვინის წარმოება 17 წლის წინ დაიწყო, თავდაპირველად ლევანის ბაბუა პატარა მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელსაც ხელით უვლიდა და მხოლოდ კირით და შაბიამნით წამლიდა, მის დაყენებულ ღვინოს წლიდან წლამდე სვამდნენ, ოჯახს ამ ღვინის გემო მოენატრა და გადაწყვიტა ბიომეურნეობაზე გადასვლა.

ლევანის მამა, გურამი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობდა და ამ კუთხით აქვს გარკვეული ცოდნა. ანდრონიკაშვილებმა 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინეს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, ფაფრის ველსა და ფხოველში. მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდნენ და ამ დროისთვის 9 ჰექტარს ფლობენ.  უვლიან, რა თქმა უნდა, მუშახელის დახმარებით და ტრაქტორის გამოყენებით. ეს საქმიანობა ლევან ანდრონიკაშვილმა მამასთან ერთად დაიწყო, ახლა კი მას შვილებიც შეუერთდნენ.

ანდრონიკაშვილების ბიოვენახში მოჰყავთ რქაწითელი, საფერავი და ქისი. ისინი ეგზოტიკურ ჯიშებს არ მისდევენ, მოჰყავთ ის ყურძნის ჯიშები, რაც ჩვეულებრივ კახეთის მიკროზონისთვის შესაფერისია. თუკი ტრადიციულად მოყვანილ ვენახში, მევენახე  ჩვეულებრივ ჰექტარზე კრეფს 8-დან 12 ტონამდე ყურძენს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ბიოს აწარმოებენ ერთ ჰექტარზე კრეფენ 2 ტონას. რაც შეიძლება ნაკლები ზიანი, რომ მიადგეს ნიადაგს ისინი ვენახს არ ხნავენ, ნიადაგის გამოკვების მიზნით, გასხვლის შემდეგ, ნასხლავს შიგნით ტოვებენ და ბალახს თიბავენ, არ იყენებენ ჰერბიციდებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მდგრადი იყოს მეურნეობა, რადგან, როგორც მეღვინე ამბობს, მხოლოდ საუკეთესო ყურძნისგან გამოვა კარგი ღვინო.

ანდრონიკაშვილების მარანს ბიოღვინო გააქვს ინგლისში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. თავდაპირველად,  ფიქრობდნენ, რომ ადგილობრივ  ბაზარზე გაყიდიდნენ მხოლოდ, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ექსპორტზე გატანაც საჭირო იყო, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე ბიოღვინოს არ აქვს ის სათანადო ფასი, რაც რეალურად წარმოება ჯდება.

„უცხოეთში ბიოს ვინც აწარმოებს, გადასახადებისგან თავისუფლდება, სუბსიდირების პროგრამები არსებობს, საწვავს შეღავათიან ფასში იღებენ, აქ კი არავის აინტერესებს ბიომეღვინეები“. მეღვინე მიიჩნევს, რომ 5-10 წელიწადში ბიოპროდუქტებზე მასიური მოთხოვნა გაჩნდება. „ბიო არაა „ტრენდი“, ეს ცხოვრების სტილია, ბიოპროდუქტები მომავლის პროდუქტებია, დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტები უხვადაა, თუმცა კარგის ნაკლებობაა, კარგი კი - ბიოპროდუქტებია“, - აღნიშნავს ბიომეღვინე ლევან ანდრონიკაშვილი.

TBC Research-მა 2020 წლის 18 თებერვალს საქართველოს ღვინის ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა, რომელიც უკუგებისა და მოგების კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა. ბიომეურნეობის შენახვის მაღალი დანახარჯებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, აღნიშნული მიმართულება საქართველოში მომავალშიც ნიშურ და ექსპორტზე ორიენტირებულ პროდუქტად დარჩება.

„საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული 20 ღვინის სახეობა და 17 ორგანული ღვინო იწარმოება. ძირითადად აღნიშნული წარმოება კახეთის რეგიონშია გავრცელებული. ბიოწარმოებაზე გადასვლა საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირადღირებული პროცესია. მათი მაღალი სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ბიოღვინოები უმეტესად საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებული პროდუქტებია,“ - ნათქვამია კვლევაში.

თიბისი კაპიტალმა მსგავსი კვლევა 2020 წლის ბოლოსაც გამოაქვეყნა. კვლევაში პანდემიის გავლენა და მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის დომინირებაა შესწავლილი. კვლევის მიხედვით, პანდემიის მიუხედავად, გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 1.6%-ით გაიზარდა და 283 000 ტონა შეადგინა, თუმცა ღვინის ფორმალური წარმოება 17%-ით შემცირდა და 82.6მლნ ლიტრი შეადგინა, რაც, სავარაუდოდ, პანდემიის პერიოდში მიღებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. 

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, საქართველო ვენახების საერთო ფართობით მსოფლიოში 22-ე, ხოლო ღვინის წარმოებით მე-19 ადგილს იკავებს, რაც მასშტაბით უფრო ახლოსაა ევროპის ქვეყნებთან, ვიდრე „ტრადიციული“ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებთან. ადგილობრივი ღვინის მოხმარება საქართველოში 0.59მლ ჰექტოლიტრს (2019) შეადგენს, რაც წარმოებაზე 3ჯერ ნაკლებია და ექსპორტის მთავარ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

კვლევა ადასტურებს, რომ ღვინის მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია და საქართველოს შესაძლებლობა აქვს ხელშეწყობის, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის შემთხვევაში უფრო ძვირადღირებულ ბიოღვინოზე გააკეთოს აქცენტი.

„ელკანას“ დირექტორის, მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, მწარმოებლები, რომლებიც ბიომეთოდებს იყენებენ, ხშირ შემთხვევაში არ არიან სერტიფიცირებულები, მათი ღვინო, როგორც ბიო არ იყიდება (მაგრამ თუკი მწარმოებელს ჰყავს ისეთი მყიდველი, რომელიც ხარისხითაა დაინტერესებული, შესაძლოა მისთვის სერტიფიკატი მეორეხარისხოვანი იყოს). ამის მიზეზი სერტიფიცირების მაღალი ხარჯებია, რომელთან გამკლავება, მით უმეტეს საწყის ეტაპზე, მცირე მეურნისთვის საკმაოდ რთულია. ქვეყნებში, სადაც ბიომეღვინეობა კარგადაა განვითარებული გარკვეული შემწეობებია, ბიოწარმეობის განვითარებისთვის აუცილებელია დახმარება პირველ ეტაპზე მაინც, ბიომეურნეებს სტიმული სჭირდებათ, ასეთი სტიმული კი სერტიფიცირების ხარჯების დაფარვაა. შემდგომში ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად გზის გაკვალვას.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სახელმწიფოც. უკვე დაანონსდა, რომ საქართველოში ბიომეურნეობების წარმოების წახალისება და ბიოწარმოებასთან დაკავშირებით საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება.

 

მარიამ არჯევანიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი

სტატია ქვეყნებდა საქართველოს უნივერსიტეტისა და "ბიზნესპარტნიორის" პარტნიორობის ფარგლებში