ბიოწარმოების წასახალისებლად შესაძლოა საგადასახადო შეღავათები დაწესდეს
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოში ბიომეურნეობების წარმოების წახალისება იგეგმება.
როგორც დეპუტატმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, იგეგმება საგადასახადო შეღავათები ბიოწარმოებასთან დაკავშირებით.
„2021 წლის პრიორიტეტად ჩვენმა კომიტეტმა რამდენიმე საკითხი გამოაცხადა, მათ შორის არის ფერმერული მეურნეობა და მათი წახალისება.
ჩვენ უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრა სექტორთან. სამინისტროს ბიოწარმოებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ხედვა აქვს, თუმცა სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის ასახული მათ პროგრამულ და საბიუჯეტო ნაწილში. კომიტეტი აპირებს, ბიომეურნეობას ძალიან აქტიურად გაუწიოს ადვოკატირება, რადგან ევროპის ბაზარზე ჩვენი პოზიციონირების ამოსავალი წერტილი მაინც ალბათ ბიომეურნეობის პროდუქტზეა. აქედან გამომდინარე ვამუშავებთ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც რეკომენდაციით მივმართავთ სამინისტროს, რადგან პროგრამულ ნაწილში გაითვალისწინონ, დააფინანსონ ბიომეურნეობების სერთიფიცირება, რათა ჩვენი ბიოპროდუქტები ევროპის ბაზარზე მოხვდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
დეპუტატის თქმით, ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით გარკვეული საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება.
„რა თქმა უნდა განვიხილავთ საგადასხადო შეღავათების ან გარკვეული წახალისების კომპონენტს. სწორედ, ფერმერული მეურნეობის შესახებ კანონი გააერთიანებს ფერმერული მეურნეობების, მათ შორის ბიომეურნეობების აქცენტით, სხვადასხვა წახალისებებს. კანონში თავს მოიყრის ყველა ის ბენეფიტი, რაც ჩვენს ფერმერებს ექნებათ.
ახლა დამუშავების პროცესში ვართ, მაგრამ იდეის დონეზე ვიტყვი, რომ შეიძლება ბიოწარმოების შემთხვევაში გარკვეული საგადასახადო შეღავათები იყოს. ამასთან, ადგილობრივი წარმოების ფერმერული პროდუქტის ტურიზმის სექტორის მიწოდებაზე შეიძლება გარკვეული საგადასახდო შეღავათები განხორციელდეს. რადგან ახლა მსჯელობის პროცესში ვართ და ამ ყველაფერს არ აქვს საბოლოო ფორმა, არ მინდა კონკრეტული დაპირებები გავცე, თუმცა ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.