სოფლის მეურნეობა
22/02/2021

ბექა გონაშვილი: სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხორბლის წარმოების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყნის გრძელვადიან გეგმაში სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უნდა ეთმობოდეს.

ბექა გონაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორბლის წარმოება და საექსპორტოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები.

„ვფიქრობ, ხორბლის წარმოების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან დაკავშირებულია სასურსათო უსაფრთხოებასთან და ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრია გასაკეთებელი. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საექსპორტოდ მნიშვნელოვან პროდუქციაზე. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა დარგებს ყურადღება არ უნდა მივაქცოთ, თუმცა იმას, რასაც შეუძლია უცხოური ვალუტა შემოიტანოს ქვეყანაში, უნდა გავუფრთხილდეთ. რაც მთავარია, უნდა მოგვარდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ირიგაცია, ფერმერულ მეურნეობებამდე კომუნიკაციების მიყვანა, მიწის გაცემა, როგორც იჯარით, გაყიდვით და ა.შ", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის პარლამენტში წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმას მომდევნო 100 დღეში წარადგენს.

„დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იკისროს მთავარი ტვირთი პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გადახედვა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაფართოებას.