არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ნარინჯისფერ რთველში და გაზრდილ სუბსიდირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფერმერებს პირადად გააცნო. მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი.
წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება", - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: agropartner.ge