სოფლის მეურნეობა
26/11/2020

აპლიკაცია "აგრონავტი" 500 სტარტაპის TOP-15-შია

აპლიკაცია "აგრონავტი" 500 სტარტაპის 15-ეულშია, - ციფრული პლატფორმა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანეგვას ემსახურება. 

პლატფორმა თავს უყრის დამწყებ თუ გამოცდილ ფერმერებს. ერთი მხრივ, აწვდის სფეროში არსებულ ყველა საჭირო ინფორმაციას, მეორე მხრივ, კი, ეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში.

მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპზეა აგებული და დივერსიფიცირების ეფექტური მექანიზმი აქვს. კვლევების მიხედვით, აპლიკაციის ანალოგი მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს.

"შემიძლია ვთქვა, რომ „აგრონავტი“ ინოვაციური და სასარგებლო პროდუქტია. ის ფერმერთა მიერ წარმობული პროდუქციის რეალიზების მიზნით შეიქმნა და პირველი გამოცდა წარმატებით ეპიდემიის საწყისი ტალღისას ჩაბაარა, როცა მეურნეობები და მეწარმეები სუპერმარკეტებს დავუკავშირეთ. ამინდის პროგნოზიდან დაწყებული - კვლევებით, სტატისტიკებით და გზამკვლევებით დამთავრებული - აგრო სფეროთი დაინტერესებულ პირებს ყველანაირ ინფორმაციას საკუთარ მობილურ ტელეფონში ვაწვდით. აქსელერაციის პროცესიდან დიდი მოლოდინები გვაქვს. იდეას მაშტაბირების დიდი პოტენციალი გააჩნია და ლოკალური ბაზრის გარდა - საერთაშორისო არენაზე გასვლასაც აუცილებლად ვაპირებთ,“ - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ აპლიკაციის დამფუძნებელმა ნინო ზამბახიძემ.

აპლიკაცია აგრომწარმოებლებს საშუალებას აძლევს, პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად გაყიდონ. სამიზნე სეგმენტი, პირველ რიგში, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარებია, საცალო ვაჭრობისთვის კი აპლიკაციაში ჩაშენებულია პლატფორმა „სოფლიდან.ჯი“, რომელიც ნებისმიერ ფიზიკურ პირს ნატურალური პროდუქციის შეძენას უმარტივებს.

აპლიკაცია მჭიდრო კორელაციაშია ფერმერთა ასოციაციასთან. ყველა სიახლე აპლიკაციით მოსარგებლეთათვის ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება. სტარტაპი ამ ეტაპზე 8 ადამიანს ასაქმებს.

„აგრონავტით“ სარგებლობა უფასოა, თუმცა სამომავლოდ მომხმარებლისთვის „ფრიმიუმ“ და „პრემიუმ“ - ანუ ერთგვარი ფასიანი მომსახურების შეთავაზებაც იგეგმება.

Businesspartner