სოფლის მეურნეობა
09/06/2023

აგრითაჩი: ვფიქრობ, მოცვის მოსავლის 90%, გასული წლის მსგავსად ისევ რუსეთში გავა

"გასულ წელს მოცვის მოსავლის 95% რუსეთის ბაზარზე გავიდა და სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელსაც მთავარი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთი იქნება," -  ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ „მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ პროექტებისა და „აგრითაჩის“ გენერალურმა მენეჯერმა, დავით მაყაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთში მოცვის გატანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პროდუქტის მალფუჭებადი ხასიათია, რის გამოც მეზობელ ქვეყანაში მისი გადაზიდვა მარტივია. გარდა ამისა,  ქართული მოცვის ფასი აღნიშნულ ბაზარზე საკმაოდ მაღალია და მოთხოვნაც მზარდია.

აღსანიშნავია, რომ  ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც მოთხოვნაა დიდია, აქედან გამომდინარე, მაყაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მეწარმეებმა ბაზრების დივერსიფიკაციაზე იმუშაონ და მოსავლის დაახლოებით 20-30%-ის  სხვა ბაზრებზე გატანაც შეძლონ.  

„ჩვენი მოცვი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე მოდის. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პერიოდში შეიძლება გარკვეული ბაზრების ათვისება. მაღალი ხარისხი გვაქვს, თუმცა ეს ხარისხი დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, ეს იქნება მოსავლის აღების შემდგომი პერიოდი,  ლოგისტიკა, შეფუთვა და ა.შ," -აცხადებს მაყაშვილი.

პრობლემაა ცოდნის საკითხიც, იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფო თუ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანას ახორციელებენ, არის რიგი საკითხები, რომელსაც გარკვეული გამოცდილება სჭირდება.

"ევროკავშირის ბაზარზე გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები გვაქვს, რადგან მანქანები რუსეთიდან  სხვა ქვეყანაში ვეღარ გადის.  შესაბამისად,მანქანებს უწევთ ტვირთის თურქეთის შემოვლით ან ბორანით გადატანა, რომელიც არ არის მოქნილი. ასევე პრობლემაა ახლო აღმოსავლეთთან, სადაც პატარა ტვირთები ძირითადად, სამგზავრო თვითმფრინავების საშუალებით გადის, თუმცა, ამჟამად ჩარტერებზე მიდის მუშაობა და სამომავლოდ, ერთჯერადად დაახლოებით 18-20 ტონის გატანას შევძლებთ,"-აღნიშნავს მაყაშვილი. 

"მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ პროექტებისა და „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერის პროგნოზით, წელს განსაკუთრებით მოსავლიანი  სეზონი იქნება. მისივე ინფორმაციით, მოლოდინია, რომ მოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით გაორმაგდება. 

ცნობისთვის, საქართველოში მოცვის მოსავლის აღება ივნისიდან იწყება.

 

 

 

Businesspartner