სოფლის მეურნეობა
04/10/2023

2014-2023 წლებში ფერმერებს ₾71 მლნ-ზე მეტი ზარალი აუნაზღაურდათ

2014-2023 წლებში ანაზღაურებული აგროზარალის ოდენობა 71 442 750 ლარს შეადგენს. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მონაცემები 2023 წლის 31 ივლისის მაჩვენებლებს ეყრდნობა.

ამასთან, ,,აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში 2014-2023 წლებში 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 66 939 უნიკალურ ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 164 827 პოლისი. დაზღვეულია 155 666  ჰა მიწის ფართობი. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ კი 116 018 746 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება, ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებას,  სააგენტოს პრემიის წილი  77 589 417 ლარია.

ცნობისთვის, კლიმატური რისკებისგან თავის დასაცავად, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ და ამგვარად დაიცვან საკუთარი მოსავალი.

პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და პროგრამის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.

agropartner.ge

Businesspartner