ზურაბ ნოღაიდელი: ენგურჰესის რეაბილიტაცია იმპორტს შეამცირებს
ზურაბ ნოღაიდელის თქმით ენგურჰესის რეაბილიტაცია იმპორტს შეამცირებს. რამდენად კარგად მოემზადა საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის, რომელიც 1 მაისს სრულდება. რამდენად სრულფასოვნად შესრულდა ენგურის გამომუშავების იმპორტით ჩანაცვლების გეგმა. როგორ უნდა გადანაწილდეს მაისიდან ენგურჰესის გამომუშავებული რესურსი ქართულ და დეფაქტო აფხაზურ მხარეებს შორის. გთავაზობთ ინტერვიუს ელექტროენერგიის აზერბაიჯანიდან იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ზურაბ ნოღაიდელთან.
- ბატონო ზურაბ, ენგურჰესის სარეაბილიტაციო 4 თვიანი პერიოდი გეგმით 1 მაისს უნდა დასრულდეს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს რემონტის პროცესი და რამდენად სრულფასოვნად მოახერხა საქართველოს ენერგოსისტემამ ენგურის გაჩერებით გამოწვეული მნიშვნელოვანი დანაკლისის იმპორტით ჩანაცვლება?
ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები ის პროცესია, რომლის უნაკლოდ შესრულებაშიც საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს, და დარწმუნებული ვარ, არის კიდეც დაინტერესებული, რამდენადაც ჩვენი ეს უდიდესი ჰიდროენერგოსადგური ქვეყნის ელექტრომოხმარების 40%-მდე უზრუნველყოფს. შესაბამისად, ზამთრის პერიოდში გაჩერებული ენგურის გამო საქართველოს ენერგომოხმარების ბალანსირება ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტით უხდება. უნდა ითქვას, რომ ამ ამოცანას ეკონომიკის სამინისტრომ და ენერგეტიკის შესაბამისმა სტრუქტურებმა თავი გაართვეს. დაიგეგმა და განხორციელდა იმპორტი სხვადახვა წყაროებიდან. კერძოდ, - 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველოში იმპორტმა შეადგინა თითქმის 1.43 მილიარდი კილოვატ/საათი. აქედან, რუსეთიდან განხორციელდა - 849.2 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი; აზერბაიჯანიდან - 491.7 მილიონი კილოვატ/საათის, ხოლო თურქეთიდან 89.3 მილიონი კილოვატ/საათის. 15 აპრილისთვის კი მარტის და, შესაბამისად, პირველი კვარტლის შედეგები საბოლოოდ დაზუსტდება. იმპორტის ამ მოცულობამ სრულად დააბალანსა საქართველოს ენერგოსაჭიროება.
ცხადია, წინა წლებთან შედარებით, როცა ენგური ზამთარშიც გვაძლევდა ენერგიას, იმპორტი საგრძნობლად არის გაზრდილი. ბუნებრივია, რეაბილიტირებული ენგურჰესის გაშვების კვალდაკვალ, ზამთრის მომავალ სეზონზე იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება.
- თქვენს მიერ მოტანილი მონაცემებიდან, ჩანს, რომ რუსეთიდან იმპორტი მკვეთრად არის გაზრდილი. რით აიხსნება ეს ფაქტი და რამდენად შეესაბამება იგი რეალურ მდგომარეობას?
ეს მომენტი კარგად უნდა იქნას ახსნილი და გააზრებული. საქმე ის არის, რომ იმის მიუხედავად, რომ რუსეთიდან იმპორტი მკვეთრადაა გაზრდილი, მცირე გამონაკლისების გარდა (1-10 იანვრის და 16-31 მარტის პერიოდში) რუსული ელექტროენერგია ძირითადად მოხმარდა დეფაქტო აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და ამაში ჩვენ მხარეს (არც ესკოს და არც სახელმწიფო ბიუჯეტს) არაფერი გადაგვიხდია.
- ფაქტია ისიც, რომ დეფაქტო აფხაზეთის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 2018 წლიდან მოყოლებული, მკვეთრად არის გაზრდილი. რა განაპირობებს ამას? რა პროგნოზი გექნებათ აფხაზების მოთხოვნასთან დაკავშირებით ზამთრის შემდეგ სეზონზე?
ზრდა უფრო ადრე დაიწყო, თუმცა, მართალი ბრძანდებით, რომ 2018 წლიდან დრამატული ზრდა ფიქსირდება. გამომდინარე სტატისტიკიდან, ვფიქრობ, 2021 წლის მაისი - 2022 წლის აპრილის პერიოდში დეფაქტო აფხაზეთის მოსალოდნელი მოხმარება გადააჭარბებს 3 მილიარდ კილოვატ/საათს. ენგურჰესის და ვარდნილჰესების გამომუშავება იგივე პერიოდში იქნება დაახლოებით 4.1 მილიარდი კილოვატ/საათი. ეს ნიშნავს, რომ, თუკი მათი მოთხოვნა ენგურის რესურსით დაკმაყოფილდება, ის ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავების 75%-ს მიაღწევს.
იგივე პერიოდში (2021 წლის მაისი - 2022 წლის აპრილი) საქართველო დაახლოებით 2.3 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგიის იმპორტს განახორციელებს. აქედან დაახლოებით 1.4 მილიარდი ისევ დეფაქტო აფხაზეთის გაზრდილი მოხმარებისთვის იქნება საჭირო და დაახლოებით 900 მილიონი კილოვატ/საათი დანარჩენი საქართველოს მოხმარების დასაბალანსებლად. ეს არის რიცხვები, რაც მოსალოდნელია, არსებული რეალობიდან გამომდინარე.
- თქვენი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ აფხაზები (დაახლოებით 170-200 ათასი მოსახლეობა) ლამის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც მილიონნახევრიანი თბილისი. რა ფაქტორებმა განაპირობა მოხმარების ასეთი მკვეთრი ზრდა? როგორ უნდა გადანაწილდეს ენგურჰესის გამომუშავებული ენერგია?
რა თქმა უნდა, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების ენერგია სამართლიანად, ანუ იმ დათქმის თანახმად უნდა განაწილდეს, რასაც მხარეთა შორის არსებული შეთანხმება გულისხმობს - გამომუშავებული ენერგია 60/40-ზე უნდა გადანაწილდეს. ეს არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის. საქართველომ დღესვე უნდა დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ მხარეებს შორის არსებული ეს შეთანხმება მკაცრად იქნას დაცული.
მე ვფიქრობ ეს მიზანი არ არის რთულად მისაღწევი და ამ სტრატეგიაში მთავარ როლს ითამაშებს, ის ფაქტი, რომ ენგურჰესის რემონტზე გაჩერების შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტმა არ დაასუბსიდირა აფხაზების მოხმარება და ის დღეს ბალანსდება რუსეთიდან იმპორტით სალხინოს და კავკასიონის ხაზებით.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმების მიხედვით აფხაზებს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების რესურსიდან - 40% ეკუთვნის, ანუ 1.64 მილიარდი კილოვატ/საათი. შესაბამისად, მათი მთლიანი მოხმარების (3.04 მილიარდი კილოვატ/საათი) დეფიციტი, დაახლოებით 1.4 მილიარდი კილოვატ/საათი სხვა წყაროებიდან უნდა შეივსოს. ამ მოცულობის ელექტროენერგიის საბაზო ფასი, იგივე რუსეთიდან იმპორტის შემთხვევაში, დაახლოებით 75 მილიონ დოლარს შეადგენს. აუცილებელია, დღესვე და ყოველდღე, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ განემარტოს დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციას, რომ არც საქართველოს ბიუჯეტი, არც ესკო და არც საქართველოს მოსახლეობა არ დაასუბსიდირებენ ამ თანხას.
რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, თუ რატომ გაიზარდა აფხაზეთის ენერგომოხმარება და რაში სჭირდებათ, სად მიაქვთ, რას აწარმოებენ ამ მოცულობის ენერგიით, - პასუხი მარტივია და ერთადერთი: დეფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე. გასულ და მიმდინარე წელს კი ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შემოსული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია დიდი ხარვეზებით მიეწოდება.
- როგორი სქემით უნდა იმუშაოს საქართველოს ენერგოსისტემამ, მათ შორის ენგურჰესის გენერაციამ, რომ ზამთრის შემდეგ სეზონზე ნაკლები იმპორტი დაგვჭირდეს?
2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში აფხაზეთის მოხმარება ბუნებრივად ნაკლები იქნება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავების 40%-ზე. იმავე პერიოდში დანარჩენი საქართველოს მოხმარების დაბალანსებაც უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე და არ უნდა ჩავრთოთ თბოსადგურები და არც იმპორტი უნდა განვახორციელოთ, პარალელური რეჟიმის საჭიროებისთვის აუცილებელი ტექნიკური იმპორტის გარდა.
2021 წლის სექტემბრიდან უნდა ჩავრთოთ მხოლოდ ერთ-ერთი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური და განვახორციელოთ მინიმალური იმპორტი და დანარჩენი საქართველოს მოხმარება უნდა დავაბალანსოთ ენგურჰესის გაზრდილი გენერაციით, მანამ სანამ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს არ მოვიხმართ.
ასევე შესაძლებელია, რომ შედგეს შეთანხმება დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან და 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყოს იმპორტი რუსეთიდან სალხინოს მაღალი ძაბვის ხაზით კუნძულოვან რეჟიმში მხოლოდ აფხაზების მოხმარების დასაბალანსებლად, რომელშიც აფხაზები გადაიხდიან ფულს თავად.
თუ ვინმეს უნდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გამომუშავება და ამით ფულის შოვნა, კეთილი ინებოს და ელექტროენერგიაში გადაიხადოს ფული.
წყარო: pia.ge