საზოგადოება
18/01/2021

ზურა ბაქრაძე: სარესტორნე ბიზნესი რომ გადარჩეს დახმარება სჭირდება

რესტორატორი ზურა ბაქრაძე სექტორში არსებულ მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია და სახელმწიფოს დახმარების გარეშე პრობლემებთან გამკლავება შეუძლებელია.

„არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1 თებერვლის შემდეგაც არ გავიხსნებით. სახელმწიფოს დახმარების გარეშე ლოდინის რეჟიმში ყოფნაც კი რთულია. „დელივერის“ სისტემაზე მუშაობა რესტორნისთვის ყველაზე კარგ შემთხვევაში შემოსავლის 10%–ს ნიშნავს. რესტორნებმა დიდი რესურსი დახარჯეს საკუთარი საკურიერო მომსახურების შექმნაში, თუმცა მომხმარებელს მარტივად, Glovo-ს ან Wolt–ის აპლიკაციის საშულებით ურჩევნია საკვების გამოძახება, მაგრამ, ძალინ დიდი პროცენტი მიაქვთ ასეთ კომპანიებს - 25%-დან 40%-მდე. გასაგებია, რომ კერძო სექტორია, მაგრამ სახელმწიფოს ხომ შეუძლია ამაში მონაწილეობა მიიღოს და რაღაც ნაწილი დაფაროს. თანაც, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის მაგივრად, ტარიფების გაძვირება მივიღეთ," –აღნიშნავს ზურა ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან შეღავათი, სესხების გადავადება, გრძელვადიანი დაბალ პროცენტიანი სესხები ან დროებითი ფულადი დახმარებაა საჭირო.

„საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამა კარგია, მაგრამ იმდენად მინიმალურია, რომ რეალურ სურათს არ ცვლის. მაგალითად, ნოემბრის საშემოსავლო გადასახადისთვის ჩემმა კომპანიამ, რესტორანმა „ზალამ“ სესხი აიღო, მაშინ როდესაც ვინც არ გადაიხადა დავალიანება ჩამოაწერეს, ეს არა თანაბარი და არასწორი მიდგომაა. ასევე, საბანკო სესხებზე პროცენტის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის მარტამდე აღებულ სესხებზე მოქმედებს, და არ ვრცელდება მარტის შემდეგ აღებულ სესხებზე. ბევრმა რესტორანმა 2020 წლის ივნისიდან აიღო სესხი, რომ გაესტუმრებინათ მარტში ჩაკეტვის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებები და გახსნისთვის მომზადებულიყვნენ.

ვფიქრობ, დახმარებისთვის უკეთესი იქნებოდა რესტორნების მიმართ სესხის კალენდრის მიხედვით კი არა, სესხის მიზნობრიობის მიხედვით მომხდარიყო პროცენტის სუბსიდირება.

გვესმის, რომ ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ქვეყანა არ ვართ, რომ როგორც სხვა ქვეყნები დაუდგენენ გვერდით სარესტორნე ბიზნესს, ისე მოხდეს საქართველოშიც. უბრალოდ ამ სიტუაციაში, იმისათვის რომ გადავრჩეთ დახმარება გვჭირდება,“ – ამბობს რესტორატორი ზურა ბაქრაძე.

Businesspartner