საზოგადოება
29/11/2021

ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი კულტურის განვითარებისთვის EU4Culture-ის €30 000-იან გრანტს მიიღებენ

ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი - ის სამი ქალაქია საქართველოში, რომელიც EU4Culture-სგან კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის €30 000-ს გრანტს მიიღებენ. 

ამასთან დაკავშირებით 1 დეკემბერს 11:00 საათზე EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრესკონფერენცია და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ქალაქები გრანტით კულტურის განვითარების სტრატეგიებს მოამზადებენ.

კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. 

დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. 

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.