საზოგადოება
12/09/2022

"ზოგ სპეციალობაზე ერთ ადგილზე 10 მსურველი მოდის" - გლდანის პროფესიულ კოლეჯზე მოთხოვნა გაიზარდა

წელს გლდანის პროფესიულ კოლეჯში სწავლის მსურველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

ამის შესახებ კოლეჯის ხელმძღვანელმა ნოდარ ხარაზიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, მათთან 1827 განაცხადია შესული, კოლეჯში კი სულ 361 ადგილია, მათ შორის 46 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვისაა განკუთვნილი.

ნოდარ ხარაზიშვილის შეფასებით, პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო წლებში შესამჩნევია, წლევანდელი მკვეთრ მატებას კი პანდემიის გავლენით ხსნის, რომელმაც, მისი თქმით, შრომის ბაზარზე ბევრი რამ შეცვალა.

„პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ვებ ტექნოლოგიების, კომპიუტერული ქსელების სპეციალისტებზე, საფინანსო მიმართულებებზე. ბევრმა ჩვენმა სტუდენტმა შექმნა ონლაინ-გაყიდვების საიტები, დაიწყო მუშაობა სხვადასხვა ონლაინ-მომსახურების კომპანიაში, ქოლ-ცენტრებში. პანდემიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა შრომის ბაზარზე - ოფისში მუშაობა აღარაა აუცილებელი და ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან იმუშაოს, რაც მას მეტ თავისუფლებას აძლევს. შეიცვალა დამსაქმებელთა მიდგომებიც, რომლებისთვისაც კადრების შერჩევაში მთავარი უნარ-ჩვევებია. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა და ეს მონაცემი კიდევ უფრო მოიმატებს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენთან სასწავლებლად მოდიან უმაღლესდამთავრებული ადამიანები. ამ სფეროში არის სახელმწიფოს ხელშეწყობა, აქტიურობენ თავად კოლეჯები, ამიტომაც მოთხოვნა ამ კუთხით სულ უფრო გაიზრდება, იხვეწება პროფესიული პროგრამები, მიმდინარეობს კოლეჯების გადაიარაღება, ახალი კოლეჯების შექმნა,“ - განაცხადა ნოდარ ხარაზიშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისი უნარების ქონის შემთხვევაში, დასაქმების პრობლემა არ დგას, რადგან სამუშაო ადგილები არის და შეთავაზებებიც პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. ნოდარ ხარაზიშვილი ამბობს, რომ სათანადო უნარების შეძენის შემდეგ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ, შეიძინონ გამოცდილება, წავიდნენ უცხოეთში გამოცდილებისა და ცოდნის გასაღრმავებლად და შემდგომ საკუთარი კომპანიაც გახსნან, რისი მაგალითებიც უკვე არის.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს, ნოდარ ხარაზიშვილი ასახელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სამკერვალო წარმოებას, ავტომობილების შეკეთებას და სხვა. მისი თქმით, მის კოლეჯში არის პროგრამები, რომლებზეც ერთ ადგილზე 10 მსურველია.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს. პროფესიული ტესტირება 6 სექტემბერს საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდით დაიწყო და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მასშტაბით ჯამში 53 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, აქედან 4 თბილისში ფუნქციონირებს. 7 სექტემბერს პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს ტესტირება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ჩაუტარდათ, რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, გამოცდა 7-8 სექტემბერს გაიმართა. 2022 წელს მიღება 600-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეა გამოცხადებული. პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი 24 500-მდე აპლიკანტმა გამოთქვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023