საზოგადოება
06/06/2022

"ზოგ რეგიონში წყალი ნავთობზე ძვირია" - რა ფასს ვიხდით კლიმატის ცვლილებებში

მსოფლიოში კლიმატის ცვლილების შედეგად, დნება მყინვარები, ზღვის დონე იწევს, იმატებს ოკეანეების მარილიანობა და მჟავიანობა.

იოლი შესამჩნევია გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები, ამინდის ექსტრემალური პირობები. კლიმატის დაჩქარებული ცვლილებები განსაკუთრებით თვალშისაცემი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა, თუმცა საპასუხო ქმედებები ასეთივე სწრაფი არ იყო. შედეგად მივიღეთ ის, რომ 2011-2020 წლები ყველაზე თბილ ათწლეულად შეფასდა, სადაც  გლობალური საშუალო ტემპერატურა პრეინდუსტრიულ პერიოდს 1.1 გრადუსით აღემატებოდა. მიმდინარე ათწლეულში ამ რიცხვის კიდევ 0.2 გრადუსით ზრდაა მოსალოდნელი.

გლობალური დათბობით ზიანი არ ადგება მხოლოდ ბუნებრივ რესურსებს. პროცესი უარყოფით გავლენას მსოფლიოს ყველა რეგიონსა და მაცხოვრებელზე ახდენს. სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უფრო ხშირია სითბური ტალღები, ტყის ხანძრები და გვალვები. ჩრდილოეთ ევროპა საგრძნობლად ტენიანდება და ევროკომისიის ვარაუდით, იქ ზამთრის წყალდიდობა შესაძლოა ჩვეულებრივი მოვლენა გახდეს. ყველაზე დაზარალებულთა შორის განვითარებადი და ღარიბი ქვეყნები მოექცნენ. იქ მცხოვრები ადამიანები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ბუნებრივ გარემოზე და ცვალებად კლიმატთან გამკლავებისთვის მინიმალური რესურსები აქვთ.

„კლიმატის ცვლილება, რომელიც თავის მხრივ გლობალური დათბობით არის გამოწვეული, მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს მსოფლიოს. მიმდინარეობს ნიადაგის დეგრადაცია. საძოვრების დაახლოებით 35% დეგრადირებულია. თბური ტალღები ნეგატიურად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ასევე, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ნეგატიურად მოქმედებს საქონელზეც. გაზრდილია მოთხოვნა წყალზე, როგორც რესურსზე და თავის მხრივ წყლის რესურსები შემცირებულია. საქართველოს რელიეფის მქონე ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბუნებრივი კატასტროფების ინტენსივობის და რაოდენობის ზრდა. იქნება ეს მეწყრული პროცესები, ღვარცოფები. ეს ყველაფერი თავის მხრივ იწვევს ისეთი პრობლემების ჯაჭვს, როგორიცაა ეკომიგრაცია, ინფრასტრუქტურული ობიექტების პრობლემები, სოფლის მეურნეობის რისკის ქვეშ დაყენება. სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავის რაღაც დონეზე უზრუნველყოფა მაინც შევძლოთ. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა შერბილების თვალსაზრისით და ემისიების შემცირება. მეორე მხრივ, ადაპტაციაზე უნდა ვიმუშაოთ ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი. მთის კურორტები სერიოზული რისკის ქვეშ დგება, როდესაც მიმდინარეობს მაგალითად, თოვლის საფარის დნობა. ზღვის დონე იწევს და ინფასტრუქტურაც საფრთხის წინაშეა“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ CENN-ის პროექტების მენეჯერი, ნინო თევზაძე.

ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოზე ზიანის მიყენების შემდეგ ეკონომიკური ფასის გადახდის ჯერიც დგება. ევროკომისიის მონაცემებით, 1980-დან 2011 წლამდე წყალდიდობებმა მსოფლიოს მასშტაბით დააზარალა 5 მილიონზე მეტი ადამიანი, პირდაპირი ეკონომიკური დანაკარგი კი 90 მილიარდ ევროზე მეტი იყო. 2010-2019 წლებში კი ამინდთან დაკავშირებული მოვლენების გამო უსახლკაროდ დარჩა 23 მილიონზე მეტი ადამიანი.

სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი, ენერგეტიკა და ტურიზმი დარგების მიხედვით, კლიმატის ცვლილებების მთავარი მსხვერპლია. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კლიმატის ცვლილების ზემოქმედება დიდწილად გამოწვეული იქნება ატმოსფეროში უკვე არსებული სათბურის გაზებით. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის შეფასებით, პროცესთან ადაპტაციის გლობალური ღირებულება მოსალოდნელია 2030 წლისთვის წელიწადში 300 მილიარდ დოლარამდე, ხოლო 2050 წლისთვის 500 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.  

"ეკოსისტემების მთელი ეკონომიკური, სოციალური თუ სხვადასხვა სისტემების ადაპტაციის უნარი არ არის დღეს იმ დონეზე რომ ასე სწრაფად შეეგუოს კლიმატის დაჩქარებულ ცვლილებას. ეს იწვევს დიდ ეკონომიკურ ზიანს. ძალიან კარგი მაგალითი განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ცენტრალური აზიის რეგიონში, არის წყლის რესურსების დიდი რაოდენობით შემცირება. ერთი მხირვ, ეს გამოწვეულია მყინვარების დნობით, ნალექების რაოდენობის შემცირებით, რასაც გავლენა აქვს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე. სოციალური კუთხითაც დიდი პრობლემებია. ირანში წყლის ფასი უფრო ძვირია, ვიდრე ნავთობის და წყალზე მოთხოვნამაც გაცილებით მოიმატა, ვიდრე ნავთობზე. მომავალში კიდე უფრო მეტია ამ მხრივ მოსალოდნელი",- აცხადებს ბიზნესპარტნიორთან" WEG-ის ენერგეტიკისა და კლიმატის მკვლევარი, გიორგი მუხიგულიშვილი. 

გაერთიანებული ერების ინფორმაციით, გლობალურად კლიმატის ცვლილებებში ყველაზე დიდი წვლილი წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას შეაქვს. სწორედ ეს მიმართულებებია პასუხისმგებელი გლობალური სათბური გაზების 75%-სა და ნახშირორჟანგის ემისიების თითქმის 90%-ზე. სათბური აირების გაფრქვევაში წლიდან წლამდე იზრდება სოფლის მეურნეობის როლიც.

"მსოფლიო მასშტაბით და ეროვნულ დონეზეც ყველაზე დიდი დარგი არის ენერგეტიკის სექტორი, რომელიც სათბური აირების გაფრქვევის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. მას მოჰყვება ქვესექტორები ტრანსპორტი, შენობები, ენერგოინდუსტრია და ა.შ. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა, მრწეველობის სექტორი, რომელიც სათბური აირების გაფრქვევების მასშტაბით მეორე და მესამე ადგილზე არიან. საქართველოშიც იგივე ტენდენციები იკვეთება. მთლიან გაფრქვევებში ენერგეტიკის სექტორის წილი უკვე 60%-ია და ამაში მოიაზრება საყოფაცხოვრები სექტორი, კომერციული საჯარო უწყებები, ტრანსპორტი. 90-იანი წლების შემდეგ მთლიან გაფრქვევებში სოფლის მეურნეობის წილიც ძალიან გაიზარდა. ეს არის მესაქონლეობა და ასევე სასუქების არამართლზომიერი გამოყენება პროდუქტების წარმოებაში",- აღნიშნავს მკვლევარი. 

კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნის საკვებ უსაფრთხოებასაც. ოკეანეების მჟავიანობის მატების გამო საფრთხეშია საზღვაო რესურსები. სითბურმა ტალღებმა შეიძლება შეამციროს წყალი და საძოვარი მდელოები, რაც თავის მხრივ, ამცირებს მოსავლიანობას და უარყოფით გავლენას ახდენს პირუტყვზე.

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები პროგნოზირებენ, რომ თუ კლიმატის ცვლილებები არ შერბილდება 2050 წლისთვის გლობალური ეკონომიკა 11%-დან 14%-მდე შემცირდება. ეს წლიურად 23 ტრილიონი დოლარის დანაკარგს ნიშნავს.

Businesspartner