WizzAir-ი 4 ახალი მიმართულებით იფრენს
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება.
ავიაკომპანია WizzAir-თან მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის.
გარდა ამისა, WizzAir-მა განაახლა ფრენები ვენისა და ბერლინის მიმართულებით.
ასევე, 16 დეკემბერიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ქუთაისი – აბუ-დაბის რეისები შესრულდება, კვირაში 2 სიხშირით.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს სიახლე ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის თქმით, ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ საქართველოს, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა.
WizzAir-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები, სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონას, ხოლო 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი, რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.