საზოგადოება
26/08/2021

"ვირუსი გაქცეულია" - ექსპერტები ახალი რეგულაციების შედეგად სიტუაციის სწრაფ გაუმჯობესებას არ ელიან

კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით, ბოლო დღეებში ქვეყანაში მცირე სტაბილიზაცია იგრძნობა.

სტატისტიკის თანახმად, თუ გუშინ ქვეყანაში 384 კრიტიკული პაციენტი იყო, დღეს ეს რიცხვი 361-მდე შემცირდა, თუმცა სიტუაცია არ შეცვლილა ინტენსიურ განყოფილებებში, სადაც გუშინ 1556 პაციენტი იყო მოთავსებული, დღეს კი 1563-ია.

გაიზარდა ჰოსპიტალურ სექტორში არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა, რომლებიც ამ მომენტისთვის 633-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მცირდება აქტიური შემთხვევების რიცხვი- დღეს ქვეყანაში 56200 ინფიცირებულია,  რაც ერთ დღეში 1562-ით შემცირებული მაჩვენებელია.

როგორც jandacva.ge წერს, სპეციალისტები არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეს შედეგი რეგულაციების დაწესების, კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების და ჯარიმების ადმინისტრირების გამკაცრების შედეგია. დარგის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვები მინიმალურია და მათ არ შეუძლია გავლენის მოხდენა ეპიდსიტუაციაზე, ვითარების მცირედი სტაბილიზაცია კი, მათი შეფასებით, შესაძლოა თავად ვირუსის ბუნებრივი თვისებების შედეგი იყოს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ გარკვეულ ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ-ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ პლატოს პერიოდი იწყება. „რეალურად უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ამბობს, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა და იმ მომენტში, როცა ქვეყანაში საჭირო ტემპით არ იყო გაშლილი ვაქცინაცია და დელტა შტამი შემოვიდა, ერთადერთი საშუალება, რაც მაშინ გვქონდა – შეზღუდვები – მთავრობამ  გააუქმა.

„ამით ქვეყანამ დელტა-შტამს კარი გაუღო და უთხრა – შემოდი, ჩვენ არ ვცრით მოსახლეობას, არ გვაქვს შეზღუდვები, აკეთე რაც გინდა,“- აცხადებს წერეთელი.

მისი თქმით, ის შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში შემოიღო – მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა და რესტორნების მუშაობის გრაფიკის შემცირება –  უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, ახლა კი, ზაზა წერეთლის განმარტებით, „ვირუსი გაქცეულია“ და მიღებული ზომები შედეგს სწრაფად ვერ მოიტანს.