ვინ მიიღებს მედიკამენტების ₾500-იან ვაუჩერს - პროგრამა თბილისში დღეიდან ამოქმედდა
თბილისში დღეიდან მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდება.
პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.
კახა კალაძემ განმარტა, რომ ეს ყოველწლიური ვაუჩერია და არა ერთჯერადი, მისი გამოყენება კი ბენეფიციარებს საკუთარი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებით მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეუძლიათ.
მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე.
„ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პროგრამის დაწყებისა და განხორციელების წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარა, რათა პენსიონერებმა მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღონ.