"ვერ შეგვაშინებთ, ახლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით" - ხაზარაძე ფულის გათეთრების საქმეზე
ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება.
ამ თემაზე თავად მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და განმარტავს, რომ ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა. იქვე უკვე პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე წერს, რომ ხელისუფლება ვერ შეაშინებს და დღესაც რომ არჩევანის წინაშე იყოს ზუსტად იგივე გააკეთებდა.
"1. ფულის გათეთრება არ ყოფილა,
2. ფულის მითვისება არ ყოფილა,
3. საქმეს არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი,
4. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები)
5. პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩაატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ და მოადგილედ
6. დღესაც ვამაყობთ რაც 2008 წელს გავაკეთეთ
7. გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას
8. ახლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით
9. ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც", - წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოძიება $17 მლნ დოლარის გათეთრებას ედავება.