"ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა
უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა.
„ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ოფიციალურად გადასცა.
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება.
"საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები - მეგობრობა, ჰუმანურობა - დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ეს საჩუქარი ძლიერი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულია ერებს შორის მეგობრობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და - რა თქმა უნდა - საერთაშორისო თანამშრომლობისადმი", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ატულ ხარემ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.