ვაჟა მენაბდე: საპენსიო მომსახურებაზე ახალი ტენდერის გამართვას მივესალმებით
"ლიბერთი ბანკი“ ყოველთვის მზად არის ჯანსაღი კონკურენციისთვის. ცხადია, ეს ეხება პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის მიწოდების მიზნით გამოსაცხადებელ ახალ ტენდერსაც“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო დროულად შემუშავდება ახალი ტენდერის პირობები, მით მალე ცხადი გახდება საკითხის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები როგორც „ლიბერთი ბანკის“, ისე სხვა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განახლებული სატენდერო პირობები დროულად უნდა შემუშავდეს და ტენდერი მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის სრული დაცვით უნდა წარიმართოს. სწორედ ღია ტენდერის გზით უნდა გამოვლინდეს, თუ რომელი კომერციული ბანკი დააკმაყოფილებს ყველაზე უკეთ სახელმწიფოს მიერ წამოყენებულ პირობებს. ეს არის ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება „ლიბერთისთან“ თუ სხვა კომერციულ ბანკთან, ეს კონტრაქტი.
ვნახოთ, რა პირობები იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, „ლიბერთი“ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სოციალური გასაცემლების ბენეფიციარებს საუკეთესოდ ვემსახურებით. გამომდიანრე იქედან, რომ კარგად ვიცნობთ ამ სერვისის სპეციფიკას. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ბანკში დაგროვილია აღნიშნული მომსახურების გაწევის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ასევე, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ საუკეთესოდ შეგვიძლია ამ კონტარქტის მართვა მომავალშიც. რა თქმა უნდა, ეს აქვე გულისხმობს იმასაც, რომ საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი კონკურენციისთვის ყოველთვის მზად ვართ", - აცხადებს მენაბდე.
ვაჟა მენაბდემ ასევე განმარტა, რომ ე.წ. "საპენსიო სესხი", თავისი ბუნებით, როგორც საბანკო პროდუქტი, არის ჩვეულებრივი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი.
"ბევრი და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რომ ე.წ. „საპენსიო სესხი“ არის არსაბაზროდ, შეუსაბამოდ და უსამართლოდ ძვირი და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ სადღეისოდ ნებისმიერ კომერციულ ბანკთან შედარებით, ე.წ. საპენსიო სესხის კატეგორიის კრედიტზე (არაუზრუნველყოფილი 1000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი), „ლიბერთის“ საპროცენტო განაკვეთი არის საბაზრო, ხშირ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც კი.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ ბევრი კვლევა ჩატარდა. არსებობს მედიის და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხორციელებული მოკვლევების შედეგებიც. ცხადია, ჩვენც გვაქვს ჩვენი კვლევები და უნდა ითქვას, რომ ყველა შემთხვევაში „ლიბერთის“ განაკვეთი არათუ უსამართლოდ მაღალია, არამედ ამ კატეგორიის სესხებზე უფრო დაბალიც არის, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული განაკვეთები“, - აღნიშნა მენაბდემ.