საზოგადოება
26/03/2021

ვაშლიჯვარი-ლისის გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე ₾7 მლნ დაიხარჯება

თბილისის მერია ვაშლიჯვარი-ლისის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპისთვის 7 მლნ გამოყოფს.
სამუშაოების ჩასატარებლად მერიამ გამარტივებული შესყიდვა უკვე ითხოვა. თანხის ნაწილი 500 000 ლარი კვლევა-პროექტირებას მოხმარდება, 6.5 მლნ კი, სამშენებლო სამუშაოებს.

დოკუმენტებში წერია, რომ 1 მარტს ვაშლიჯვარი-ლისის (მაჭავარიანის ქუჩა) საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სამხრეთ აღმოსავლეთის ორიენტაციის მქონე ადგილობრივი წყალგამყოფის სუსტად ჩაზნექილი ზედაპირის მქონე ლოკალურ, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველი მეწყრული სხეულის არეალში განვითარდა ბლოკურ-ცოცვითი ტიპის მეორადი გენერაციის მეწყერი. მეწყერის სტაბილიზაციის მიზნით აუცილებელია ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მეწყერული პროცესი, რაც პროგრესირებადია და მისულია კრიტიკულ ზღვრამდე. პირველადი შეფასებით, მეწყრული მოვლენების ჩასახვა-გააქტიურება, გამოწვეული უნდა იყოს ბუნებრივ და ტექნოგენურ მიზეზ-ფაქტორთა ერთობლივი ზემოქმედებით.

„ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის, რომ თვითონ ამ ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. თუმცა გასაგები რომ იყოს, ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ ახლა აქტიური მეწყერის გადაადგილება, რომელიც მოძრაობაშია. ვინაიდან წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილზე, შემდეგ მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს აქ გარკვეული სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდი რაც არის, ამისი შეჩერება სხვა ღონიძიებებთან ერთად მოხდეს ასევე ამ დანკერული პრინციპით,“ - განაცხადა დღეს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა მთლიანი ღონისძიების დასრულების პერიოდი ამ ეტაპზე ცნონილი არ არის.

 

 

ფოტო: Forum.ge