საზოგადოება
25/05/2021

ვარძიის კონსერვაციის პროგრამამ ევროპა ნოსტრას პრიზი მიიღო

ევროპა ნოსტრას პრიზი, მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის შემდეგ, ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამამ მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას პრიზი, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ამჯერად უკვე ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილი სანომინაციო განაცხადი გახდა კონსერვაციის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც სამაგალითო მიღწევებად დასახელდა.

უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან - ფონდ „ქართუსთან“ და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, ჩვენმა მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება.

წარმატებულმა საპილოტე პროექტმა საფუძველი ჩაუყარა "კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას", რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სხვა მსგავსი ძეგლების გადარჩენას“,- წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი.