კითხვარში, რომელსაც აცრაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შეტანილი იქნება რამდენიმე კითხვა, რომლებიც სისხლის შედედების პრობლემებს შეეხება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს კითხვარის საშუალებით გარკვეული რისკ-ფაქტორი თუკი დაუდგინდება, მის აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ექიმი მიიღებს.
„ე.წ. ჩეკ-ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც რამდენიმე უფრო სიღრმისეული კითხვა იქნება, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებს ან სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას შეეხება. ასეთი რამ თუ დაფიქსირდება, ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა ამ ადამიანს იმ დღეს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის პროცესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისივე განმარტებით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 55 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ გამოიყენონ.
მედიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვაქცინის შემთვევაში გართულების რისკი ძალიან მინიმალურია, საბჭომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
„ევროპის წამლის სააგენტოს მიერ სავალდებულო გახდა, რომ ეს გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულიყო ოფიციალურად. „ასტრაზენეკას“ კვლევების მიღმა ჰქონდა ამოჩენილი ანაფილაქსია და ალერგია, ახლა დაემატა შესაძლო თრომბოზული რისკის გამოწვევა, რომელიც ერთ-ერთ გვერით მოვლენად დაფიქსირდა. არსებული კვლევებით, ეს არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანიდან ერთ შემთხვევაში. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვაქცინაციის საბჭომ იმსჯელა ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანას არ აქვს სხვა ვაქცინის რესურსი, რაც ძალიან რთული საკითხია, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან.