ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა - ბიუჯეტი ₾21.1 მლნ-ია
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე მიმდინარეობს.ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი და დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი.
„სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები. დამატებით, მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე, მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინებისა და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი.
ამასთან, 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვაც. ეს სამუშაოები უკვე მინდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე ყველაფერი მოწესრიგებული, გამწვანებული და ულამაზესი იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერის თქმით, პარალელურად, იწყება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც.
პარკის რეაბილიტაციის განხორციელებაზე 17.6 მლნ ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით, 3.5 მლნ 500 ლარი დაიხარჯა.