საზოგადოება
30/12/2021

უწყებათაშორისმა საბჭომ საქსტატის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა მოიწონა

უწყებათაშორისმა საბჭომ საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა მოიწონა.

სამოქმედო გეგმის პროექტი უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა, დამტკიცების შემდეგ განთავსდება საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის. 

გეგმა ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო საჭიროებებს, პასუხობს პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემებზე მოთხოვნას, განსაზღვრავს სტატისტიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს; უზრუნველყოფს სტატისტიკური ღონისძიებების ჩატარების გონივრულობას და ფინანსური რესურსების განაწილებას; ის წარმოადგენს ჩარჩოს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის და შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

სამოქმედო გეგმის პროექტი მომზადებულია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. ის შედგება 3 მიზნის, 12 ამოცანისა და 76 აქტივობისგან. გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს დეტალურად წარუდგინა ინფორმაცია თითოეული მიზნითა და ამოცანებით განსაზღვრული აქტივობების შესახებ, პასუხისმგებელი უწყებების, საჭირო ბიუჯეტისა  და შესრულების ვადების მითითებით.

უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის დადგენილებით 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ევალება ოფიციალური სტატისტიკის სისტემის 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიის, ასევე შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

საბჭოს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს, თავად საბჭო 11 წევრისგან შედგება და აერთიანებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზედენტს, მთავრობის ადმინისტრაციას და რვა სამინისტროს წარმომადგენელს, მინისტრის მოადგილეების დონეზე.