"უსაფრთხოების დარღვევები წლიდან წლამდე მცირდება"-შრომის ინსპექციის სამსახური
2023 წელს სამშენებლო სექტორში,ქვეყნის მასშტაბით, 1176 ინსპექტირება ჩატარდა, 218 სამშენებლო ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა, ხოლო გაფრთხილება 295 ობიექტმა მიიღო.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაია მიქაიამ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" განაცხადა, ყველაზე ხშირად დარღვევები არაქარხნული ტექნიკური აღჭურვილობების, ღია მდგომარეობაში არსებული მოაჯირებისა და დასაქმებულების არასრული აღჭურვის შემთხვევებში ფიქსირდება.
მიქაიას ცნობით, ინსპექტირების პროცესში კომპლექსური შემოწმება მიმდინარეობს, რაც მოიაზრებს, არსებული დოკუმენტაციის გაცნობას, ობიექტის დათვალიერებას, დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან გასაუბრებას და ა.შ.
"შრომის ინსპექციის სამსახურისა და უსაფრთხოების ორგანული კანონის ამოქმედების შედეგად, წლიდან წლამდე შემოწმებული ობიექტების რაოდენობა იზრდება, ხოლო უსაფრთხოების დარღვევები, ამასთან განმეორებითი სანქციების რაოდენობა იკლებს.
2023 წლის მონაცემების შეჯამებით შრომის ინსპექციამ ჯამში 2700 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც 1200-მდე ინსპექტირება სამშენებლო ობიექტებზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ თუ ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობა 2-ჯერ დაუფიქსირდება, ობიექტთან ერთად ფულადი სანქცია დამსაქმებელსაც ეკისრება.
რაც შეეხება უბედური შემთხვევების ნაწილს, 2018 წლიდან 2022 წლამდე უბედური შემთხვევების რიცხვი 41%-მდე შემცირდა. ეს ტენდენცია კი 2023 წელსაც გრძელდება,"-აცხადებს მიქაია.
მისივე ინფორმაციით, სამშენებლო სექტორთან ერთად, სამთო მძიმე მრეწველობაც მაღალი რისკის შემცველი საქმიანობაა, სადაც გარკვეული დარღვევები ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, შრომის ინსპექციის მხრიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეკონომიკური საქმიანობების შემოწმება მიმდინარეობს და სამსახურის მხრიდან მითითებების გაცემა ხდება იმისათვის, რომ ნებისმიერი საქმიანობა უსაფრთხოდ იყოს წარმართული.
ინფორმაციისთვის, შრომის უსაფრთხოების კანონი 2019 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში. მისი მიზანია, იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას. ასევე დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციის გაწევას, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.