საზოგადოება
24/11/2021

უკანონო დაპატიმრებები, მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალში - აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალები

აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და მზარდი მილიტარიზაცია , - ეს საკითხებია, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ  რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს.

აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21.9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.

პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.