საზოგადოება
23/03/2021

UG-ის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებისთვის მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის, დასაქმების ბაზარზე კონკურენტურიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებისთვის მრჩეველთა საბჭო შექმნა.

UG-ის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭო სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამებს სტრატეგიული მიმართულებების მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

„საბჭოს წევრები პროფესიული გამოცდილების, აკადემიური მიღწევების და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული გამორჩეული პირები არიან. საბჭოს მიზანია დაგვეხმაროს ინსტიტუციებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაძლიერების გზების მოძიებაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ გარშემო ასეთი დიდი გამოცდილების პროფესიონალებმა მოიყარეს თავი“, - განმარტავს ნათია კალაძე.

მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი პროფესიონალებით, მათ შორისაა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი და GEM Erasmus Mundus პროგრამის ხელმძღვანელი მარიო ტელო, გერმანიის უსაფრთხოების ფედერალური აკადემიის (German Federal Academy of Security Studies – BAKS) ყოფილი პრეზიდენტი, დოქტორი კარლ ჰაინც კამპი, ელჩი - უილიამ კორტნი, რომელიც ამჟამად რენდის კოპრორაციის (RAND Corporation) უფროსი მკვლევარია. აგრეთვე, ელჩი - თემურ იაკობაშვილი, ყოფილი გენერალური ბენ ჰოდჯესი, რომელიც ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (Center for European Policy Analysis) ერთ-ერთი ხელმძღვანელია და დოქტორი მატიას დემბინსკი - გერმანული ორგანიზაცია მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (Peace Research Institute Frankfurt) წამყვანი მკვლევარია.

როგორც პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი ამბობს, მრჩეველთა საბჭო საჭიროების შემთხვევაში ყოველ სემესტრულად, წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება.

"მრჩეველთა საბჭოს გამოცდილი წევრები დაეხმარებიან არსებული პროგრამებისა და კვლევების გაუმჯობესებაში, შესთავაზებენ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იმსჯელებენ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განმარტავს ლაშა ძებისაშვილი.

როგორც UG-ის საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ამბობენ, მრჩეველთა საბჭოები სკოლის სამივე დეპარტამენტის ფარგლებში მათი პროფილების მიხედვითაა შექმნილი და ყველა მათგანში მიმართულებების ყველაზე გამოცდილი და კვალიფიკაციის წევრები არიან. „ეს არის ახალი ნაბიჯი განვითარებისა და წარმატებისკენ, საბჭოების შექმნით საკუთარი თავი ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე დავაყენეთ და მოუთმენლად ველით მხოლოდ პოზიტიურ შედეგებს“ ამბობს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ანალოგიური საბჭო საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმაც შექმნა.

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამებზე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე