თურნავა: ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესებისთვის არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ
ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა. ნათია თურნავა Freedom House-ის ინდექსში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესებას აფასებს და განმარტავს, რომ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით ხელისუფლებამ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ. საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით. ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებები მიმართულია იქითკენ, რომ გავხდეთ რეგიონული ციფრული ჰაბი, რაც ქვეყანას მისცემს დამატებით შემოსავლებს, ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს," - განმარტავს მინისტრი.
მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის მნიშვნელობაზე; ასევე 2021 წლის დასაწყისში ამერიკულ მხარესათან ხელმოწერილი მემორანდუმით საქართველო მიუერთდა „Clean Network" ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე კერძო სექტორთან. ჩვენ კარგად გვესმის ინტერნეტთან წვდომის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში, ამდენად, ამ მხრივ, ვახორციელებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. საქართველოს აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ უახლოეს პერიოდში გახდეს ინტერნეტ ჰაბი და საკუთარ ბაზარზე შეძლოს მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბიზნესების მობილიზება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნაზე, რომელიც უნდა უზრუნველყოფს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდებას ტელეკომ ოპერატორებისთვის.